Nationalgeographic: ევროპა გამარჯვების დღეს აღნიშნავს
Headline
პარასკევს, 8 მაისს, ევროპის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.
1945 წლის 8 მაისს ძალაში შევიდა აქტი „გერმანიის შეიარაღებული ძალების უპირობო კაპიტულაციის შესახებ“.
მანამდე, ერთი დღით ადრე, 1945 წლის 7 მაისს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, გერმანია და შესაბამისად „მესამე რაიხი“ უპირობოდ დანებდა მოკავშირე ძალებს, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი (მიიღეს ვერმახტის კაპიტულაცია დასავლეთის ფრონტზე).
როდესაც საბჭოთა ბელადმა იოსებ სტალინმა გერმანიის მიერ, „რეიმსის ხელმოწერის“ შესახებ შეიტყო, იგი აღშფოთდა და განაცხადა, რომ მისმა „იმპერიამ“ გაიღო ყველაზე მეტი ადამიანური მსხვერპლი და შესაბამისად, მისმა სამხედრო მეთაურობამ უნდა მიიღოს ვერმახტის დანებების აქტი.
სტალინი ეწინააღმდეგებოდა ხელმოწერის ადგილს (რეიმსს) და ამტკიცებდა, რომ რადგან „მესამე რაიხის“ დედაქალაქს ბერლინი წარმოადგენდა, სწორედ აქ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება.
ზემოხსენებულის საპასუხოდ, 1945 წლის 8 მაისს (საღამოს 23:01 სთ-ზე), უკვე ბერლინში მოეწერა ხელი საბჭოთა მარშალ ჟუკოვის თანდასწრებით, გერმანელთა კაპიტულაციას. გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირი სასაათო სარტყელით 2 საათით წინ იყო, რესპუბლიკებში უკვე 9 მაისის 01:01 სთ. იყო შესრულებული.
შესაბამისად, საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღედ 9 მაისი გამოცხადდა და დღემდე 9 მაისს აღნიშნავენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.
საინტერესოა, რომ საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ საბჭოთა პროპაგანდას არც კი უხსენებია არც პრესის და არც რადიოს საშუალებით.
ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით, სტალინმა მიზანმიმართულად შექმნა დუბლირებული დოკუმენტის ხელმოწერის პროცესი ბერლინში, რათა ომის დასრულების შემდეგ საკმაოდ დიდი საერთაშორისო დივიდენდები მოეთხოვა.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა გავლენის სფეროების გარეთ, დანარჩენ მსოფლიოში 8 მაისს აღინიშნება ე.წ. V-E (Victory in Europe), როდესაც ოფიციალურად შევიდა ძალაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: Why Germany surrendered twice in World War II (06.05.2020), www.nationalgeographic.com
#world
#war
#may8
#may9
#headline
#history
#ww2