თანამედროვე ქართული მედია, როგორც სარგებელი თუ როგორც ზიანი ქართულ სინამდვილეში?

0
მოგეხსენებათ, , , ჟურნალისტიკა არის სისტემა, რომელსაც საზოგადოება ქმნის ახალი ამბების მოსაპოვებლად“ (კოვაჩი). ითვისებს , , გუშაგი ნაგაზის“ ფუნქციას და სოციუმს აცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ქართული თანამედროვე მედიაველი იმის მიუხედავად, რომ თავისუფალია, პოლიტიკურად პოლარიზებულ სახეს ავლენს. ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ ჩაატარა მედიამონიტორინგი, სადაც მკაფიოდ დასტურდება, რომ: , , ტელევიზიების მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით, ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“. უდავოა, ქვეყანაში საჭიროა განსხვავებული აზრის მქონე ტელეკომპანიები, თუმცა არა პოლიტიკურად პოლარიზებული. მედია არის მეოთხე ხელისუფალი, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს , , რუპორი“. აპოლიტიკურობა ყველაზე დიდი ობიექტურობაა, თუმცა თანამედროვე ქართულ მედიაში ნაკლებად ვლინდება და ჟურნალისტებიც არ უარყოფენ ამ ფაქტს. , , დეილი მეილი“ აღნიშნავდა: , , ჩვენი ბუნებრივი მიმართულებაა, რომ კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდეს მთავრობის მიმართ და სკეპტიკურად განვიხლოთ პოლიტიკოსების განცხადებები.“ გაზეთი არჩევნებამდე მხარს უჭერდა პოლიტიკოს ჯონ მეიჯორს, თუმცა, როცა არჩევნებში გაიმარჯვა, რედაქციამ კურსი შეცვალა და მისი კრიტიკა დაიწყო. მიმაჩნია, რომ ქართული ჟურნალისტიკაც სწორედ მსგავსი ტაქტიკით უნდა მოქმედებდეს, რადგან მის ერთ-ერთ რელევანტურ ფუნქციას ძალთა ბალანსი წარმოადგენს ხალხსა და ხელისუფალს შორის. სხვადასხვა ტელევიზიის მაყურებელი ადამიანი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას იღებს. განსხვავებულია თემის გაშუქების კუთხეები და ინტენსივობა. რთულია დაადგინო, რა შეესაბამება რეალობას, მაშინ, როცა ონლაინ მედიები და ტელევიზიები პარადოქსულად წარმოაჩენენ ერთსა და იმავე ამბავს. პოლიტოლოგი მეთიუ ლევენდუსკის მტკიცებით, მიკერძოებულ მედიასაშუალებებს, რომლებიც ფაქტებს ცალმხრივად წარმოაჩენენ და თავს არიდებენ ობიექტურობისა და ბალანსის დაცვას, შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ როგორც ზოგადად მოსახლეობაზე, ისე სხვა მედიაორგანიზაციების, ახალი ამბების დღის წესრიგსა თუ პოლიტიკურ ელიტაზე. თუ ამ მტკიცებას დღევანდელ ქართულ სინამდვილეს შევუსაბამებთ, დავინახავთ, რომ ადამიანების ცხოვრება შემოიფარგლება იმაზე დავაში, თუ რა არის სიმართლე, რომელი პოლიტიკური წრე მოქმედებს სწორად და ვინ არის დამნაშავე. პოლიტიკური მიკერძოება fake news-ების შექმნის პირველ მიზეზად შეგვიძლია მოვისაზროთ. მის გავრცელებას ტელევიზიებში არ ერიდებიან ჟურნალისტები, ხოლო ონლაინ მედიაში ეს პროცესი უნებურად მიმდინარეობს. ინტერნეტ სივრცე იმდენად მასშტაბურია, რომ ნებისმიერი დეზინფორმაცია, მყისიერად მოედება მთელ სოციალურ ქსელს. მედიას შეუძლია ერთდროულად ჰქონდეს სასიკეთო ან არასასიკეთო სახე. დანერგოს ურთიერთგაგების, ჰუმანურობის სულისკვეთება, ან კიდევ – თავზარი დასცეს სოციუმს. თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის მიმართ რაც დადებითად წარმოჩნდება, ეს არის მისი მაორგანიზებელი ძალა. საქართველოში 2004 წელს, , , ვარდების რევოლუციის“ დროს, ტელეკომპანია , , რუსთავი 2-მა“ მედროშის როლი შეითვისა და ხალხი გააერთიანა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, თუმცა დღესდღეობით დეჰუმანიზაციის პროცესი მიმდინარეობს ჟურნალისტებში. დავიწყებულია ზნეობა და ეთიკის ნორმები, შეგვიძლია გავიხსენოთ ბოლო დროს მომხდარი ტრაგედია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შესახებ, როცა მედიებმა სენსაციურობისა და რეიტინგისათვის დაივიწყეს ადამიანობა, ეთიკა და აქტიურად ავრცელებდნენ როგორც ყალბ, ისე ოჯახისათვის ზიანის მომტან ინფორმაციას. კლემენტ ეტლი წერდა: , , როგორც წესი, პრესას უბედურებები კვებავსო“, რეპორტიორები თითქოს ტკბებიან სამყაროში მიმდინარე საზარელი ამბებით. გარემო ძირითადად ნეგატიური ინფორმაციითა და უარყოფითი დამოკიდებულებებით არის სავსე. ამ შემთხვევაშიც იპოვა გამოსავალი თანამედროვე ქართულმა მედიამ უცხოური მედიის მსგავსად. ადამიანების განსატვირთად ყვითელი პრესა მომრავლდა და კიჩპროდუქციის ფართო არჩევანიც დაუტოვა მაყურებელს. აღარ აძლევს ხალხს ფიქრის საშუალებას და გონებრივად აღარ ღლის. მაშინ, როცა სამუშაოდან დაღლილი ოჯახის წევრები სახლში ბრუნდებიან, არ უჩნდებათ სურვილი მოისმინონ ნეგატივითა და პოლიტიკით დატვირთული ინფორმაცია, შესაბამისად, ისინი გასართობ ტოქშოუებს ადევნებენ თვალს. ტელევიზია და ყვითელი პრესა ართობს მაყურებელსა და მკითხველს, ყურადღებას გადაატანინებს რეალობისაგან ან რეალობას კომედიურ ჩარჩოებში დაანახებს, თითქოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია სახუმარო იყოს და სულაც არ წარმოადგენდეს პრობლემას. უსარგებლო ინფორმაციის მიღების ამ მეთოდმა საქართველოში მასშტაბური სახე მიიღო. ყოველ დღე, ნებისმიერი სატელევიზიო არხის საშუალებით, შეუძლია მაყურებელს დრო გაიყვანოს არასერიოზული, გასართობი გადაცემებით. ფაქტია, ეს შემთხვევა უარყოფითად მოქმედებს სოციუმის აზროვნების ჩამოყალიბებაზე, აქვეითებს მსოფლმხედველობას, მაგრამ ხალხი მეტ-ნაკლებად აცნობიერებს. მათი ცხოვრების რუტინად და განუყოფელ ნაწილად იქცა. ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ყოველ მსგავს ტოქშოუს მაღალი რეიტინგი აქვს. ყურებადია და შესაბამისად, არც მისი დახურვის იდეა გასჩენია კონკრეტულ ტელევიზიას, რადგან მათთვის ფულის შოვნის საუკეთესო გზას წარმოადგენს. არ აინტერესებთ რა მენტალიტეტსა და სტერეოტიპს აყალიბებენ ადამიანებში ან რას ასწავლიან მათ ამ გადაცემებით. რადიოებში ეს პროცესები შედარებით რბილად მიმდინარეობს და პირადად მე დადებითად ვხვდები მის როლს ქართულ მედიაში. უნდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო განტვირთვის შესაძლებლობას მთავაზობს მგზავრობისას მისი მოსმენა, კარგ განწყობაზე მაყენებს და დამღლელ გზას სასიამოვნოსა და მხიარულს ხდის. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ის არასდროს მოგვწონს, თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური პრესის გარეშე არაფერი გამოგვივა.”- წერდა ჯონ კენედი. მედია გარკვეულწილად განმანათლებლისა და შემმეცნებლის ფუნქციას ითვისებს, რაც მე-19 ს-ში, ილია ჭავჭავაძის დროს, ბეჭდურ მედიაში აქტიურად მიმდინაობდა, ასრულებდა ინფორმატორის, განმანათლებლის როლს და აყალიბებდა სოციუმის მსოფლმხედველობასა და თვითშეგნებას. დღესდღეობით, პოლიტპოლარიზაციის პროცესში ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის ყალიბდება სიმბიოზური დამოკიდებულება. იზღუდება მასმედიის შეხედულებები და უნარი, შეასრულონ ეფექტური , , მოდარაჯე ძაღლის“ როლი. რელევანტურია თანამედროვე ქართულმა მასმედიებმა შეინარჩუნონ თავისუფალი სიტყვა და იყვნენ აპოლიტიკურები. პოლარიზაციის პროცესში ჟურნალისტიკა იქცა ერთგვარ პირად ბრძოლად რეიტინგისა და წარმატებისთვის, როგორც მარკესი იტყოდა: , , არ უნდა დაივიწყონ, რომ ისინი საზოგადოებისთვის არიან და პასუხს აგებენ სინდისის წინაშე“. #ახალიამბები #fakenews #სტატია #საინტერესო #ესსაინტერესოა #ფაქტები #ქართულიმედია #მედია #ტელევიზიები #დეზინფორმაცია
0