ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ზუგდიდში  გამაფრთხიელებელი აქცია გამართეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის ექიმებმა. მათი თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულება მართვის უფლებით დავით ტატიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრს უნდა გადაეცეს. რასაც პოლიკლინიკის დირექტორის შეცვალ მოჰყვება. ვარაუდობენ, რომ  გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ფასები, რაც  პაციენტების სიმცირეს და სამომავლოდ მედპერსონალის გათავისუფლებას გამოიწვევს. პოლიკლინიკის თანამშრომლები ითხოვენ, არ შეიცვალოს სამედიცინო დაწესებულების ამჟამინდელი ხელმძღვანელი და პოლიკლინიკა სამართავად არ გადაეცეს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა ზუგდიდში 1994 წლიდან ფუნქციონირებს, იქ 50-მდე სამედიცინო მუშაკია დასაქმებული. მთავარი მედდის, ბელა ბულისკირიას განცხადებით, პოლიკლინიკა ემსახურება 45 ათასამდე დევნილს, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ტარიფების გაზრდის შემთხვევაში კი ისინი სამედიცინო მომსახურებით ვერ ისარგებლებენ. მისი სიტყვებით, მანამდეც არაერთხელ იყო საუბარი პოლიკლინიკის გაყიდვაზე, თუმცა როგორც გაირკვა, მას შემდეგ რაც ვერ გაიყიდა, ეკონომიკის სამინისტრომ მართვის უფლებით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს გადასცა. აქციის მონაწილე კიდევ ერთი ექიმის, ნატალია ჩიქოვანის განცხადებით, პოლიკლინიკის განახლებული ადმინისტრაცია გეგმავს, გააერთიანოს ზუგდიდის, ჯვრისა და ხობის პოლიკლინიკები, შეცვალოს პროფილი და გადააკეთოს ის ტრავმატოლოგიურ ცენტრად: „ამის შემდეგ ყველა თანამშრომელს გაუშვებენ გარეთ. ჯერჯერობით გვეუბნებიან, რომ არ გაგვიშვებენ. ჩვენ არ გვინდა ძველი ხელმძღვანელის გაშვება. ეს პოლიკლინიკა აშენებულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენი დანაზოგით. ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ ჩვენი სახსრებით არის აშენებული. თუ დღემდე მოვიყვანეთ კმაყოფილი პაციენტები, აწი რატომ უნდა დავიშალოთ?! პირიქით გვერდში დაგვიდგნენ, ახალი ტექნიკა შემოგვიტანონ“, - თქვა ნატალია ჩიქოვანმა. იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის ექიმების პროტესტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე გამოეხმაურა. ის ირწმუნება, რომ პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ეს არის დეზინფორმაცია. ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ იგეგმება რამდენიმე პოლიკლინიკის გაერთიანება: „ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პოლიკლინიკების ლოკაციურ გაერთიანებას. აღნიშნული მიმართულია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ტარიფების ზრდას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიკლინიკების მართვას განახორციელებს აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო. ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავდით გაერთიანების საკითხს როგორც პოლიკლინიკების პერსონალთან, ასევე მათ დირექტორებთან, ეტაპობრივად ჩვენი წარმომადგენლები ჩადიოდნენ და მსჯელობდნენ მათთან აღნიშნულ საკითხზე. გაერთიანების შედეგად, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, მოხდება როგორც პერსონალის ხელფასიების ზრდა, ასევე საერთო ბენეფიციარების ზრდაც“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ. თავის მხრივ აქციის მონაწილე ექიმების განცხადებით, არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და იმ შემთხვევაში თუ პოლიკლინიკას ტატიშვილის ცენტრი ჩაიბარებს, მათი პროტესტი გაგრძელდება. რადიო თავისუფლება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა პასუხის მისაღებად, ჯერჯერობით კლინიკას კომენტარი არ გაუკეთებია,  პასუხის მიღების შემთხევაში ინფორმაცია განახლდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31929698.html

Source: radiotavisupleba.ge