გიორგი რურუას პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ
Tbilisi Daily
დღეს გიორგი რურუას პროცესი საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
უფლებადამცველების განცხადებით, მათ რაიმე სახის შუამდგომლობა არ აქვთ და მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობენ.
ასევე დღეს მოხდება სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა, სადაც საუბარია გიორგი რურუას საკანში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ადვოკატი არ დასწრებია. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
"ეს არის თავიდან ბოლომდე ხელოვნურად შექმნილი საქმე და პოლიტიკური მოტივაციის ნაკარნახევი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, როგორც საქართველოს პროკურატურას, ისე სასამართლოს. გიორგი რურუა ისჯება მისი სამოქალაქო აქტივიზმისთვის და მთავარი არხის დამფუძნებლობისთვის," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შსს-მ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.