ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კა-გე-ბე" მოქალაქეთა დაკავების მაისის სტატისტიკას აქვეყნებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, მაისში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო კანონმდებლობის 41 დამრღვევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახური აქვეყნებს.
„დაკავებულთაგან 23 სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, 18 – სასაზღვრო ზონის რეჟიმის“, - განმარტავენ „კა-გე-ბე"-ში. დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა ე.წ. სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში განხორციელებული საპროცესო ღონისძიებების შედეგად განხორციელდა ადმინისტრაციული ღონისძიებები ახსნა-განმარტებით, რა დროსაც 39 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 2 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, „ჯარიმების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ სტატისტიკაში ე.წ. გაძევებულებში საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობენ. 39 მოქალაქე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებია. დე ფაქტო რესპუბლიკის „კა-გე-ბე" დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს, ე.წ. სასაზღვრო ზონის სტუმრებს და ტურისტებს აფრთხილებს, რომ კონფლიქტის ზონაში გადაადგილებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. (პასპორტი, სამსახურის მოწმობა, დაბადების მოწმობა არასრულწლოვნებისთვის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ასევე სასაზღვრო ზონის საშვი) სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ზონაში მოგზაურობისთვის და ყოფნისთვის. ამჟამად ცხინვალის იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება, ორი მათგანი ლევან მაჩაბელი და მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. დაკავებულებს დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება და ასევე სხვა ბრალდებებსაც უყენებს. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აყენებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31910551.html
Source: radiotavisupleba.ge