აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველომ აზერბაიჯანიდან კოვიდპაციენტების სამკურნალოდ სამედიცინო ჟანგბადის დიდი პარტია მიიღო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით მიწოდებაზე, - განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ.
”საელჩო მადლობას უხდის კომპანია Baku Steel-ს საქართველოს კლინიკებისთვის 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადის უსასყიდლოდ გამოყოფისთვის და ტვირთის საქართველოში საკუთარი ხარჯებით გადაზიდვისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებმა - ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა ”, - აღნიშულია საელჩოს განცხადებაში.
გუშინ, 30 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს.მინისტრისვე თქმით, მოთხოვნილების 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადით იფარება.
„ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ, რათა არ შეიქმნას დეფიციტი. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება, კერძოდ - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამინისტრო დაეხმარა ჟანგბადის რამდენიმე წარმოებას, რათა თავის პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყო, ახალი დანადგარები დაემონტაჟებინა, ან მწყობრიდან გამოსული შეეკეთებინა, შედეგად კი სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია - ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სულ ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1303-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3759 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 543-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 139 343 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3574-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 117 560.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30978298.html
#ახალი_ამბები
#twitter