შესაძლოა, აჭარა "მწვანე ზონად" გამოცხადდეს
Batumi Daily
ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი შეიძლება მოიპოვოს აჭარის რეგიონმა ტურისტების მოზიდვის მიზნით. საუბარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უკვე მიმდინარეობს.
მწვანე ზონა ნიშნავს, რომ რეგიონი ტურისტებისთვის დასვენების კუთხით უსაფრთხო იქნება. რეგიონში უკვე 15 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუკი ვირუსის ინკუბაციის კიდევ ერთი ციკლი, ანუ დარჩენილი 13 დღე ახალი შემთხვევების გარეშე გაივლის, აჭარა ვირუსისგან თავისუფალ ზონად შეიძლება ჩაითვალოს.
ამასთან, ტურისტების მიღებისთვის უსაფრთხოების ნორმები შემუშავდება. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წელს ზღვასთან მოძრავი ვაჭრობა აიკრძალება, დაშვებული იქნება ახლომდებარე კაფე-ბარების მუშაობა. სანაპიროზე დაცული უნდა იყოს დისტანცია დამსვენებელთა შორის და არ არის გამორიცხული, ამის შესახებ სხვადასხვა ენაზე დამსვენებელს შეახსენონ ხმოვანი შეტყობინებების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან და მეზობელ ქვეყნებთან. უცნობია, მეზობელ ქვყენებში თუ იგულისხმება რუსეთი, რომელიც კორონავირუსის შემთხვევების მაღალი რიცხვითა და სტატისტიკის დამალვის ფაქტებით გამოირჩევა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საერთაშორისო ტურისტების მიღება ქვეყანაში 1 ივლისს აღდგება.
#მწვანე_ზონა #აჭარა #ტურიზმი #ბათუმი #batumidaily