ვაჟის სიყვარული ჩემ ხალხში - ელიდა ლაჩინ მუხაევას ბლოგი

0
ვერავინ უარყოფს, რომ ოჯახში ყველაზე სასურველი შვილი ბიჭია. როცა ასაკოვანი ხალხი ერთმანეთისთვის ლოცულობს, ამბობს, შენმა ბიჭმა იცოცხლოსო. ბაბუასგან გამიგია, ჩემმა ერთმა შვილმა იცოცხლოს, ორმა შვილმა იცოცხლოსო. ვერ ხვდებოდი, რატომ ამბობდა, ერთი შვილიო, რადგან მას ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავდა. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ის ერთ შვილში ვაჟს გულისხმობდა. ზოგადად, ჩვენთან, როცა შვილზე საუბრობენ, ჯერ კაცი გვახსენდება. ვისაც ბიჭი არ ჰყავს, მას უბავშვოდ აღიქვამენ. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ჩვენს ოჯახში გოგონები ძალიან მოსწონთ, ისინი სასურველი ბავშვებიაო. მაგრამ, გამონაკლისები ზოგად რეალობას არ ცვლის. უმრავლესობა ბიჭის უპირატესობაზე ფიქრობს. ბიჭი გვარს აგრძელებს, ბიჭი მამის სახლის დამცველია და ასე შემდეგ. ჩვენს ოჯახში ორი და და ერთი ძმა ვართ. როცა ზედიზედ ორი გოგო დაიბადა, როგორც ტიპური აზერბაიჯანელი ოჯახისთვის, ეს არ იყო სასიამოვნო. როცა ჩემი ძმა ჯერ არ იყო დაბადებული, ეგონათ, რომ ესეც გოგო იყო. ვინაიდან ტექნიკა არ იყო განვითარებული, ვერ დაადგინეს ბავშვის სქესი. ბებიას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გოგოსთვის სახელი იეთერ (ქართულად საკმარისიას ნიშნავს) დაერქვათ, - იქნებ სახელის მადლით მეოთხე მაინც არ ყოფილიყო გოგო. იეთერის შემდეგ, ჩვენი გვარის გამგრძელებელი ბიჭი უნდა დაბადებულიყო. ბებია სულ მადლობელი იყო, რომ სახელი იეთერის დარქმევის აუცილებლობა არ შეიქმნა. ვაჟის სიყვარული მარტო ჩემს ბებიას არ აქვს, სხვა ოჯახებშიც ასეა. როცა წარსულს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ დედები მანამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ბიჭი ეყოლებოდათ. დედებს ან თავისი ნებით, ან იძულებით, ბიჭი უნდა გაეჩინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სხვა ქალებით ჩაანაცვლებდნენ, ვინც ბიჭს გააჩენდა. ასაკოვანი ხალხისგან გამიგია, რომ ბიჭს "მზარდ თესლს" უწოდებდნენ. თვითონ არ ჭამდნენ, "თესლს" აჭმევდნენ, არ იცვამდნენ, მას აცმევდნენ. როცა კი ის თესლი ცოტა წამოიზრდებოდა, პასპორტის ასაკით უწევდა რუსეთში, ბელარუსში ან სხვა ქვეყნებში წასვლა. ვითომდა ფულის საშოვნელად მიდიოდნენ. "ფულის საშოვნელად" წასულებისგან ფული კი არა, უბრალო ზარიც კი არ შემოდიოდა. როცა დედ-მამა გარდაეცვლებოდა, ნათესავები ურეკავდნენ "თესლს", რას ელოდები, მოდი, მამაშენი გარდაიცვალაო. ამის გამო, დედის ან მამის ცხედარი 4 -5 დღე გასვენებას ელოდებოდა (ჩვენთან გარდაცვლილს იმ დღესვე, ან მეორე დღეს კრძალავენ), რომ მისი ბიჭი მოსულიყო და სახეზე (ე. წ. თვალზე) მიწა მიეყარა. ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილს თვალზე აუცილებლად მისმა ბიჭმა უნდა მიაყაროს მიწა - ცხოვრებაში იქნებ ერთხელ მაინც იზრუნოს მშობლებზე და ცხედარი მხარზე გადებული მიიყვანოს სასაფლაომდე. მშობელს დაკრძალავს, შემდეგ კი მოდის სახლში, სუფრას შლის და დიდი ხნით უნახავ ნათესავებთან ზის. რამდენიმე ხნის შემდეგ, თუთის არყით გარდაცვლილზე სადღეგრძელოებს ამბობენ, მისთვის ლოცულობენ. ხანდახან, ალკოჰოლის ზემოქმედებით, ერთი-ორი წვეთი ცრემლიც მოსდის. ვინც სვამს, ეცოდინება, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება. ამის შემდეგ კი არაფერი. სულის გაშვებიდან, შვიდი ან ორმოცი დღე რჩება მამის სახლში. ყოველდღე ნათესავთან ან მეგობართან მის სახელზე გაშლილ სუფრაზე ქეიფობს. გარდაცვლილის საფლავზე მარმარილოს ქვას აკეთებს, რომ ვინც ნახავს, თქვას, რა კარგი ბიჭი ჰყოლიაო. ხანდახან, ფულის საშოვნელად წასულები გასვენებაზეც ვერ ჩამოდიან, ან მეორმოცე დღეს, ანაც ერთი წლის თავზე მოდიან. ანდა ამბობენ, საბუთები წესრიგში არ მაქვსო, და საერთოდ არ ჩამოდიან. ჩემი ბავშვობის პერიოდში ასეთი ამბები ხშირად ხდებოდა. ჩვენს სოფელში 4-5 ვაჟის მშობლები მარტო ცხოვრობდნენ. მაშინ ვიდეოკასეტები იყო მოდაში. შვილებს ვიდეოში სანახავად თქმის თორმეტ საათს ელოდებოდნენ, რომ შუქი მოსულიყო და შვილების ფერი მაინც ენახათ. დღემდე ვერ ვხვდები, საიდან მოდის ეს ბიჭისადმი სიყვარული. ბევრგან გამიგია, "იმ ვიღაცას ვაჟი არ ჰყავსო". ასეთი წყევლა არსებობს, "შენი ნაშოვნი ქონება მტერს დარჩესო". ანუ გოგო მტრად ითვლება?! გოგო, რომელიც დედ-მამის ბოლო ამოსუნთქვამდე მათ გვერდით არის, მათზე ზრუნავს, მაგრამ მაინც ბიჭი არის სასურველი ბავშვი. მე არ მინახავს, გოგოს მშობლებზე არ ეზრუნოს, მაგრამ ისეთი ბიჭები ხშირად მინახავს. მე არ მინახავს გოგონა, რომელიც არ უთანაგრძნობს მშობლების ტკივილსა და ტანჯვას. მაგრამ, მინახავს ბიჭი, რომელიც მშობლის შრომას საერთოდ არ აფასებს. არ მინახავს გოგო, მშობლები მოხუცთა თავშესაფარში დაეტოვებინა. მაგრამ, მინახავს ბიჭები, რომლებიც მშობლებს უსარგებლო ნივთივით ტოვებენ მოხუცთა სახლში. მე არ მინახავს გოგო, რომელიც მშობლებს უარყოფს, არ იღებს. მაგრამ მინახს ბიჭები რომლებიც მშობლებს გასაჭირში აცხოვრებენ. მინახავს ბიჭები რომლებიც მშობლებზე ფიზიკურად ძალადობს, მაგრამ მინახავს ბიჭები, რომლებიც მშობლების პურის ფულით აზარტულ თამაშებს თამაშობენ ან მას ალკოჰოლსა და სიგარეტზე ხარჯავენ. კი მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომ ენიჭება უპირატესობა ბიჭს? იქნებ ის მარმარილოს ქვის დიდებულების და პოპულარულობის გამოა? იქნებ გვარის მეტი გავრცელების შესაძლებლობის გამო? მაგრამ, ერთადერთი რამ ვიცი, რომ მშობლების მხრიდან ბიჭის ზედმეტი სიყვარული, ბიჭის მხრიდან კი მშობლებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერების გამო არ ხდება. სხვა საზოგადოებაში ეს უთანასწორობა არ არის. პირიქით, შეიძლება, იქ გოგო უფრო სასურველი იყოს. მაგრამ, ჩვენთან გოგო ოჯახისთვის ტვირთია - ადრე თუ გვიან დატოვებს სახლს. თან როცა დატოვებს, მზითევში დიდი ფულიც იხარჯება. ერთი სიტყვით, ზედმეტი ხარჯია. დიახ, გოგო სახლს ტოვებს, მაგრამ მას არასოდეს ავიწყდება მშობლები. ახალგაზრდობაში უყვარს, მოხუცობაში, დაავადების დროს უყვარს და ზრუნავს, ყოველ წუთს მათი დაკარგვის შიშით ცხოვრობს. ყველა ლოცვის დასაწყისში და დასასრულშიც ახსენებს მშობლებს. რაც შეეხება გოგოს განათლებას, თუ იგი დაინტერესებულია განათლების მიღებით, მშობელი ფიქრობს, ჯობია ბიჭმა მიიღოს განათლებაო. გოგო რა სარგებელს მოუტანს? თავიანთ იმედს, გვარის გამგრძელებელს, განათლების მიღებისთვის გზავნიან ქალაქებში. ხშირად, ისინი იმ ქალაქებში რჩებიან და მშობლებს აღარც იხსენებენ. რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბიჭს არ ეხება. მაგრამ, მოდით, ვაღიაროთ, რომ ამ ტიპის ბიჭები საკმაოდ ბევრია. თუმცა, ამ ყველაფერის ფონზე, ჩემი ხალხის ბიჭის მიმართ ზედმეტი სიყვარული არ მთავრდება. ბიჭის გაჩენის ბედნიერებას მათთვის არაფერი ანაცვლებს. ფულს არიგებენ, მსხვერპლს სწირავენ. დაე, ყველა სახლში ბიჭის ხმა ისმოდესო. შეიძლება, ეს ხმა გინება ან შეურაცხყოფა იყოს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მისაღებია ესეც. მთავარი ისაა, რომ ვისაც ვაჟი ჰყავს, მისი გვარი გაგრძელებულია. წყარო: ფანჯარა
#ტრადიციები
#ვაჟი
#უმცირესობა
#მარნეული
#MarneuliDaily
#ახალიამბები
0