საქართველოს პარლამენტში დღეს სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ

Tbilisi Daily

საკანონმდებლო ორგანოში დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ. იგი პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის რანგში უკვე მეორედ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება. ქვეყნის მთავარსარდლის წლიური მოხსენება ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაივლის. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში არ დაესწრებიან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიციონერების თქმით, მოხსენებას არ მოისმენენ, რადგანაც ზურაბიშვილს ივანიშვილის ხელდასხმულ პრეზიდენტად მიიჩნევენ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ ფონზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რაზე ისაუბრებს დღეს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ყოველწლიური ანგარიშით სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის 6 მარტს წარსდგა. #პარლამენტი #პრეზიდენტი #სალომეზურაბიშვილი #წლიურიანგარიში #ოპოზიცია #tbilisidaily