საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულია სამსახურის 24 თანამშრომელი, რომელთაც ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.
თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისთვის სასწრაფოს ოთხი ბრიგადიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი კოვიდსასტუმროებში იმყოფება.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით იმერეთის რეგიონი დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა. რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.
180 პაციენტია მოთავსებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში, აქედან 55 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პანდემიის პერიოდში სამედიცინო დაწესებულება 700 -ზე მეტ პაციენტს მოემსახურა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.