ომბუდსმენი: ISFED-ი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი
Tbilisi Daily
ISFED-ი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი, თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ; არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. ISFED-ი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა“ - წერს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები რჩება და ამ კითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელმა პირებმა ამომწურავი პასუხები უნდა გასცენ.
„ბოლოს, მინდა მივმართო ISFED-ის წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება“ - წერს ნინო ლომჯარია.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.