„ოსკარზე" წარსადგენად საქართველოს კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეარჩიეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს კანდიდატ ფილმად „დიდი შესვენება“ შეარჩია. ცნობა რადიო თავისუფლებას ფილმის რეჟისორმა დათა ფირცხალავამ დაუდასტურა. ის ამბობს, რომ ჯერ წინ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ მოხარულია, რომ ჟიურიმ ხმა მის ფილმს მისცა.
„დიდი შესვენება" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ის დათა ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.
„პირველი არხის" ცნობით, წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად „დიდი შესვენების" გარდა წარმოდგენილი იყო ხუთი ქართული ფილმი: „ატონალური გაბრწყინება“ – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში; „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე; „ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.
ეროვნულ კინოცენტრში განაცხადების მიღება 2022 წლის 22 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საქართველოს კანდიდატ ფილმი 12-წევრიანმა, სპეციალური კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32035603.html
Source: radiotavisupleba.ge