ევროპარლამენტი: ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს

Tbilisi Daily

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ საქართველოს, ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, ამ არჩევნების ორგანიზება, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს / ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და European Diplomatic Watch-ის შეფასებებს, რომელიც მათ პირველი ტურის შემდეგ დააფიქსირეს. მეორე ტურის შემდეგ ყველა დასაბუთებული საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და საფუძვლიან განხილვას ველოდებით. ჩვენ ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს. ჩვენ ვითხოვთ დარჩენილი ხარვეზების მოგვარებას ახალი საარჩევნო რეფორმის საშუალებით და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით. ევროპარლამენტი მზად არის დახმარება გასწიოს, რათა მომდევნო არჩევნების წინ შესაბამისი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებენ, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და სიმწიფე, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და გამონახონ კომპრომისი, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის, როგორც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შეუფერხებელი ფუნქციონირება. „ახლახან არჩეულ პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა კონსტრუქტიულად უნდა იმუშაონ და საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უფრო დიდი ინტერესი გაითვალისწინონ“, - დასძინეს ევროპარლამენტარებმა. განცხადებას ხელს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აწერენ.