მალე, მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულის შესახებ მხატვრული ფილმი გამოვა - რეჟისორი რიდლი სკოტი მაყურებელს მაურიციო გუჩის მკვლელობის ამბის საინტერესო ინტერპრეტაციას წარუდგენს. პრემიერა თავდაპირველად 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ შემოქმედებითი გუნდის გეგმები შეცვალა, ამიტომაც, პრემიერის ზუსტი თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა.
გაეცანით ყველაფერს, რაც ფილმის შესახებ ამ ეტაპზეა ცნობილი.
სიუჟეტი
სიუჟეტი მოდის სახლ Gucci-ის დამაარსებლის შთამომავლის და ხელმძღვანელის, მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. კინოსურათში ნაჩვენები სცენები რეალური ფაქტების ერთგვარი რეკონსტრუქცია იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიქციურ დეტალებსაც ვიხილავთ. სცენარი დაწერილია სარა გეი ფორდენის 2001 წელს გამოცემული წიგნის მიხედვით, სახელწოდებით: The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed. ფილმის სიუჟეტის ცენტრში იქნება მაურიციო გუჩის ცოლი - პატრიცია რეჯიანი, რომელიც მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. პატრიციას როლს Lady Gaga შეასრულებს.
შემოქმედებითი გუნდი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფილმს რეჟისორი რიდლი სკოტი იღებს და პროდიუსერიც თავადვეა.
ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობა:
პატრიცია რეჯინის როლზე Lady Gaga-ს ნახვა ერთადერთი საინტერესო ამბავი არ იქნება - ფილმი ჰოლივუდის არაერთ ვარსკვლავს გააერთიანებს. ჯერემი აირონსი, ადამ დრაივერი, ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო - ეს სამსახიობო შემადგენლობის მხოლოდ მცირე ნაწილია. ფილმის ერთე-რთი საკვანძო პერსონაჟის, მაურიციო გუჩის მამის - გუჩიო გუჩის როლი რობერტ დენიროსათვის იყო განკუთვნილი, თუმცა, მოგვიანებით მისი კანდიდატურა ჯერემი აირონსით შეიცვალა. პატრიცია რეჯინის როლზე ანჯელინა ჯოლი მოიაზრებოდა და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა, მსახობი ამ შემთხვევაშიც შეიცვალა და როლზე ოსკაროსანი Lady Gaga დამტკიცდა.
პრემიერა
2021 წელს Gucci-ის დაარსებიდან 100 წელი გადის, ამიტომ ფილმის პრემიერაც ამ წელს იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო გადაღებები ჩაიშალა, შესაბამისად, ზუსტი თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რაც შეეხება გადაღებებს, ის ძირითადად მილანსა და ფლორენციაშია დაგეგმილი.