აფხაზეთის ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილია. ტერიტორიაზე იბრძოდნენ ადგილობრივი მკვიდრები, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს მიწებს. ნებისმიერ მათგანს რომ ჰკითხო რას გრძნობდნენ მაშინ, რას ფიქრობდნენ, ისინი გიპასუხებენ, რომ მხოლოდ ერთი იდეა ამოძრავებდათ, დაეცვათ საკუთარი შრომით ნაშენი სახლ კარი, რომელიც მათ დღემდე ელოდება და ოთახებში იტევს ყველა ტკბილ მოგონებას. ის, რაც ამ ადამიანებმა გამოიარეს არის გმირობა ! Sokhumi Daily აგროვებს მათ მოგონებებს და საზოგადოებამდე მიაქვს მეომართა სახელები და განცდები, რადგან ვიცოდეთ ჩვენი მეომრების ისტორიები. დღეს საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება ვალტერ სამუშია, აფხაზეთის ომის ვეტერანი.
ომამდე ცოტა ხნით ადრე, ჯერ კიდევ სსრკ-ს პერიოდში, აფხაზეთი ითვლებოდა ერთ-ერთ პრესტიჟულ კურორტად, რომელსაც არა მხოლოდ ტურისტული და გამაჯანსაღებელი, არამედ საწარმო მნიშვნელობაც ჰქონდა. ისტორიულად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მკვიდრი საზოგადოება კონფლიქტის გარეშე, მშვიდობით თანაცხოვრობდა, თუმცა შემდეგ გაჩნდა პროპაგანდისტული განცდები, სეპარატისტული ქმედებები, რასაც შედეგად ომი მოჰყვა "ომის დაწყებამდე კარგად ვცხოვრობდით აფხაზებთან ერთად და ვერც კი ვიფიქრებდით, რომ როდესმე ერთმანეთს ტყვიას ვესროდით. 1989 წლიდან ნელ-ნელა გაღვივდა შუღლი, რაც ბევრ პოლიტიკურ ფაქტში აისახა, თუმცა ასეთი განწყობა ჰქონდათ მხოლოდ სეპარატისტულად განწყობილ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ ზეგავლენას აჰყვა, რასაც შემდეგში შევეწირეთ და დღემდე ვეწირებით" - ამბობს ვალტერი.
რაც შეეხება თვითონ ომის დაწყებას, როგორც ვეტერანები იუწყებიან, საკმაოდ უეცრად მოხდა, ამიტომ წინასწარ მობილიზებაზე საუბარი ზედმეტი იყო. " ჩვენ, რაიონის ბიჭებმა, ჩვენი სახსრებით ვიყიდეთ იარაღი, 1 წლის განმავლობაში ჩვენი სახსრებით ვებძოდით აფხაზებს, ჩეჩნებს, სომხებს, კაზახებს, კავკასიის ყველა ერი იყო ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ კი მარტოები ვიყავით და მხოლოდ საბრძოლო სული და საკუთარი სახსრებით შეძენილი იარაღი იყო ჩვენთან. ბევრი ადამიანი დავკარგეთ, კლასელები, მეზობლები დამეღუპა ომის პერიოდში. " - აცხადებს ომის ვეტერანი.
ყველაზე გარდამტეხი პერიოდი "პერემირია" იყო, როდესაც ქართველებს მძიმე არტილერია გააყვანინეს, დასუსტებულ ჯარს ჯარისკაცები არ დაახმარეს, ამ პერიოდს ვალტერ სამუშია ასე იხსენებს. " შევარდნაძის ბრძანებით მძიმე ტექნიკა გაიყვანეს აფხაზეთიდან მოტყუებით და დაგვტოვეს მხოლოდ ავტომატების იმედზე. 16 სექტემბრიდან უკვე დაპყრობილი ჰქონდათ სოფელი შრომა, ლინდვა, სოხუმის ყველა რაიონი აღებული ჰქონდათ. ტერიტორიაზე მხოლოდ მებრძოლები და გლეხები დავრჩით, 27 სექტემბერს აიღეს სოხუმი, ჩვენ ძალა არ გვეყო რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, რადგან იქამდე მოტყუებით შეგვასუსტეს, მძიმე ტექნიკა რაც გაგვაჩნდა ყველა გაიყვანეს ომის ველიდან."
აფხაზეთის ომის ვეტერანებს აღარ ეყოთ ძალა დაეცვათ სახლ-კარი, მიწა-წყალი, ის ადგილი, რომელსაც თაობების განმავლობაში უვლიდნენ და აშენებდნენ, ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრმა დაკარგა საყვარელი ადამიანი, თუმცა ყველაზე მწარე ის შეგრძნებაა, როდესაც ბოლო წუთამდე უშიშრად იბრძვი და მხოლოდ იმიტომ აგებ, რომ მოგატყუეს, ჩვენს მებრძოლებს არ წაუგიათ ომი, წააგებინეს. ამის გაცნობიერებისათვის ზოგს დრო არც კი დარჩა, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ოჯახის წევრების გადარჩენა იყო. ვალტერ სამუშია ამ პერიოდს ასე იხსენებს "
აფხაზეთიდან სვანეთის გავლით ფეხით წამოვედით. საშინელი ამინდი დაგვემთხვა, ბევრი გზაშივე გარდაიცვალა, ზოგი სიცივისაგან, ზოგიც უჰაერობით. დასავლეთში რომ ჩამოვედით უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა. შევარდნაძე და ზვიადისტები ერთმანეთს ებრძოდნენ. ჩვენ, აფხაზეთის ომგამოვლილ ხალხს არ ვიცოდით რა გვექნა და ვიბრძოდით თავის გადასარჩენად, არ გვქონდა არც საჭმელი .. შემდეგ ნათესავებმა შეგვიფარეს, ერთი თვე, ორი თვე, შემდეგ ჩვენივე ძალებით ზოგი დასავლეთში დარჩა, ზოგიც აღმოსავლეთში წამოვიდა, ყველამ საკუთარი სახსრებით გადავირჩინეთ თავი"
#სოხუმი #ომი #აფხაზეთი #ვეტერანი #პოლიტიკა #რუსეთი #ბრძოლა #sokhumidaily