"დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი, ბეღელები.."

0
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში რამდენიმე დღეა ხანძრის კერებს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გალის რაიონში დაახლოებით 600 ჰექტარზე იწვის მინდვრები და ტყეები. სოფელ ზემო ბარღებში 7 იანვრის საღამოს ცნობით, დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი, ასევე, ბეღელები და პირუტყვის სადგომები. „ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია გალისა და ოჩამჩირის, ასევე აგუძერას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სოხუმის სამძებრო და სამაშველო ჯგუფის სახანძრო ბრიგადები“, – წერს ადგილობრივი მედია. იგივე ცნობით, ხანძარი გალის რაიონის ცხრა სოფელშია გავრცელებული, რასაც მშრალი ამინდი და ქარი უწყობს ხელს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „თუ ქარის მიმართულება არ შეიცვლება, ცეცხლი მთის ზედა ნაწილიდან აღარ გავრცელდება. ხანძრის ადგილზე სატყეო მეურნეობის წარმომადგენლები მორიგეობენ. ხანძარი გავრცელდა სოფლის ერთ-ერთი მოსახლის კუთვნილ ნაკვეთზე, მაგრამ მაშველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ძალისხმევით ჩააქრეს“, – განაცხადეს „აფსნიპრესთან“. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების თქმით, ტყის ხანძრების ჩასაქრობად აუცილებელია სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც „აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ გააჩნია, ხოლო დახმარების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვა ჯერ ადრეა“. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: "აფხაზეთის ამბები" #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0