უფლის მეგობარი...

0
ხვალ მართლმადიდებელი სამყარო ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ”ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს.
“როგორც სახარებიდან ვიცით, უფალთან დაახლოებული ლაზარე იერუსალიმის მახლობლად, ბეთანიაში დაიბადა. უფალს განსაკუთრებულად უყვარდა ლაზარე, მისი დები მართა და მარიამი და ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს, ხოლო როდესაც ლაზარე ავადმყოფობით გარდაიცვალა, ბეთანიაში ავიდა ოთხი დღის გარდაცვლილი მეგობრის მკვდრეთით აღსადგენად. ამ სასწაულის მხილველი მრავალი იუდეველი იმ დღეს ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, ამის გამო მღვდელმთავრებს ლაზარეს მოკვლაც კი განუზრახავთ. ღირსი ლაზარე წმინდა სახარებაში, ამის გარდა, კიდევ ერთხელ მოიხსენიება: ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე მაცხოვარი ბეთანიაში ჩასულა მის მოსანახულებლად. "ლაზარე ყოფილა ერთ-ერთი მეინახეთაგანი მისთანა", - გვაუწყებს წმინდა წერილი. მართალ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ კიდევ 30 წელი უცოცხლია. ღვთის მოწოდებით, კვიპროსის ეპისკოპოსიც გამხდარა. არსებობს გადმოცემა იმის შესახებაც, რომ მის მოსანახულებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი ჩაბრძანებულა და ლაზარესთვის მისივე ნახელავი ომოფორი უბოძებია. უფლის რჩეული მეორედ კუნძულზე მიიცვალა მშვიდობით. წმინდა ეპისკოპოსის უხრწნელი ნაწილები, კიტეაში აღმოყვანის შემდეგ, ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის განკარგულებით, 898 წელს კონსტანტინოპოლში, მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში გადაასვენეს. მისი უხრწნელი ნაწილების მარმარილოს ლუსკუმას ასეთი წარწერა ამშვენებს: "ლაზარე, ოთხ დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი". გილოცავთ უფლის სასწაულთაგან ერთ ერთ უდიდეს დღესასწაულს, ლაზარეს შაბათს. 🙏🙏🙏 ღვთის წყალობა არ მოგიშალოთ უფალმა🌸🌸🌸
0