სომხეთის თქმით, მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათს ღამით აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის ერთი სამხედრო დაიღუპა. სამინისტრო დეტალებს არ იტყობინება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ამ რაიონში სროლა იყო.
სომხეთის მხარემ თქვა, რომ მისმა ჯარებმა „სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით გაუხსნეს ცეცხლი“ აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს მათ ერთობლივ საზღვართან.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორიებისთვის წარმოებული ექვსკვირიანი ომის დროს. მას შემდეგ პერიოდულად იფეთქებს ხოლმე შეიარაღებული დაპირისპირება. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ ძალის გამოყენებაში. დიპლომატიური მცდელობები, მოაგვაროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ომის დასრულების შემდეგ, ძირითადად ჩიხში შედის.
მთიანი ყარაბაღი, რომელიც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ეთნიკური სომხების კონტროლქვეშ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად.
2020 წლის სამხედრო მოქმედებები დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმებით, რის შედეგადაც აზერბაიჯანს დაუბრუნდა ვრცელი ტერიტორიები, რეგიონში განლაგდა რუსეთის 2000 სამხედრო. ზავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ერევანში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ კვირაში მოუწოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც რუსეთი ლიდერობს, რომ დაეხმაროს სომხეთს, მისი თქმით, აზერბაიჯანისგან მომდინარე სერიოზულ საფრთხეებთან გამკლავებაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31906144.html
Source: radiotavisupleba.ge