ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება დაიდო

Interworld

აშშ-ის შუამავლობით წარმოებულ, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას ბაჰრეინიც შეუერთდა. გარიგება პალესტინელმა ლიდერებმა დაგმეს და მას კიდევ ერთი „მოღალატეობრივი ქმედება“ უწოდეს. შეერთებული შტატების, ბაჰრეინისა და ისრაელის მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემოხსენებულ ორ საზოგადოებასა და მოწინავე ეკონომიკას შორის პირდაპირი დიალოგისა და კავშირების დამყარება აგრძელებს ახლო აღმოსავლეთის პოზიტიურ ტრანსფორმაციას და გაზრდის რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. დაახლოებით 1 თვის წინ, არაბთა გაერთიანებული საემიროები ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდა აშშ-ის შუამავლობით გათვალისწინებული გარიგების საფუძველზე, რომლის ოფიციალური ხელმოწერა სამშაბათს, 15 სექტემბერს, თეთრ სახლში არის დაგეგმილი. ჩასატარებელ ცერემონიალს დაესწრებიან ისრაელის პრემიერ მინისტრი, საემიროებისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრები. საემიროებთან დადებული გარიგების მსგავსად, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის, პარასკევს, 11 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ, სავაჭრო, უსაფრთხოებისა და სხვა ტიპის ურთიერთობების ნორმალიზებას მოახდენს. პალესტინის პოზიციით, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეასუსტებს გრძელვადიან პან-არაბულ პოზიციას ოფიციალური თელ-ავივის წინააღმდეგ და ეს „მწვანე შუქს აუნთებს“ სხვა არაბულ სახელმწიფოებს ისრაელთან ურთიერთობების სამომავლო ნორმალიზებისთვის. ოფიციალური მანამას (ბაჰრეინი) განცხადებით, ის მხარს უჭერს „სამართლიან და ყოვლისმომცველ“ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უნდა ემყარებოდეს ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას. საკითხის სპეციალისტთა შეფასებით, ბაჰრეინის მიერ გადადგმული ნაბიჯი საუდის არაბეთის პრო-ებრაული პოზიციას ემყარება. ბაჰრეინი მცირე ზომის კუნძულოვანი სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის საზღვაო ძალების რეგიონალური შტაბ-ბინა მდებარეობს. 2011 წელს, „არაბული გაზაფხულის“ დაწყებისას, საუდის არაბეთი სამხედრო ძალებით დაეხმარა ბაჰრეინის ხელისუფლებას, ქვეყანაში წამოწყებული „აჯანყების ჩასახშობად“ (მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია). გარდა ამისა, 2018 წელს, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ქუვეითმა, ამ სახელმწიფოს $10 მლრდ-ის ოდენობის ეკონომიკური დახმარების გაწევა შესთავაზა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღრმად პრო-ებრაულ პოლიტიკას ატარებს. ამის დადასტურება იყო აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა, ასევე სირიის გოლანის სიმაღლეების ისრაელის ნაწილად აღიარება, „საუკუნის გარიგების“ შემუშავება და ა.შ. ზოგადად ტრამპის მომხრეთა დიდი ნაწილი ევანგელისტ ქრისტიანებს წარმოადგენენ, რომლებიც ისრაელის პოზიციებს მკვეთრად უჭერენ მხარს. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები კი 3 ნოემბერს არის დანიშნული და მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ტრამპი ეცდება ისრაელ-პალესტინას შორის ზემოხსენებული „საუკუნის გარიგების“ სისრულეში მოყვანას. რა დგას ისრაელ-ბაჰრეინის ურთიერთობების ნორმალიზების უკან? იმის მიუხედავად, რომ ბაჰრეინი კუნძულოვანი სახელმწიფოა, ის საუდის არაბეთთან 25 კმ-იანი საავტომობილო მაგისტრალით არის დაკავშირებული და ოფიციალური მანამას პოლიტიკური დღისწესრიგი საკმაოდ არის ნაკარნახევი ერ-რიადის მხრიდან. შესაბამისად, ისრაელთან გაფორმებული გარიგება ვერ განხორციელდებოდა საუდის არაბეთის მხარდაჭერის გარეშე. ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისას, ბაჰრეინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მან იპოვა მოკავშირე, რომელიც შიდა პოლიტიკური სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში დაეხმარება და ხელს შეუშლის შიიტი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც სავარაუდოა, რომ ირანის მხრიდან იმართებოდეს. სპარსეთის ყურის ზოგიერთი სახელმწიფოსთვის ბოლო წლებში ირანიდან მომდინარე საფრთხეები მზარდია, სირიის, ლიბანისა და იემენის მდგომარეობის გათვალისწინებით. თავის მხრივ შეერთებული შტატები და ისრაელი ყოვლისმომცველ კამპანიას ატარებენ, რომ არაბულ-ებრაული დაპირისპირება, არაბულ-ირანული კონფლიქტით შეიცვალოს. ახლო აღმოსავლური ზოგიერთი სახელმწიფოს რეაქცია ირანი: ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პოზიციით, ბაჰრეინი ისრაელის „დანაშაულებრივი ქმედებების“ თანამონაწილე გახდა, რომელიც რეგიონისა და ზოგადად ისლამური სამყაროსთვის მუდმივი საფრთხის შემცველია. ეგვიპტე: ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფათეჰ ალ-სისის განცხადებით, ისრაელსა და ბაჰრეინს შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს პალესტინის საკითხის მოგვარებას და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას. თურქეთი: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ბაჰრეინის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო წაახალისებს ისრაელს, განაგრძოს მისი არალეგიტიმური ქმედებები პალესტინის წინააღმდეგ. იორდანია: იორდანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ისრაელის მხრიდან უნდა განხორციელდეს ყველა ის აუცილებელი ქმედებები, რომელიც ყოვლისმომცველი მშვიდობის დასამყარებლად იქნება საჭირო. ომანი: ომანის ხელისუფლება მიესალმა ისრაელ-ბაჰრეინს შორის დადებულ შეთანხმებას. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Bahrein #Israel #UAE #middle #east #relations #normalization #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com