დავით გადელია - სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, ინფექციური დაავადებების მართვა?

Tbilisi Daily

თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან - ხელში, - ამის შესახებ Facebook-ზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც შესაბამისი ცოდნის არ ქონის მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევიან. „თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან - ხელში. კიდევ მეტი - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა რისი სპეციალისტიც არ ვარ - იმავე ღონეს მიმართეთ! სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე... დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე - ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო... ეჰ, ნეტავ მაშინ შეხვედროდით ეს „მცოდნე“ ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე“, - წერს გადელია.