რითი გამოირჩევა ფინეთის განათლების სისტემა?
46 Views
Anni Kvaratskhelia
Khashuri · 4 months ago

ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა რეიტინგის სათავეში ბოლო 40 წელია, იკავებს პოზიციებს. ეს, რა თქმა უნდა, განათლების ძირეული რეფორმების შედეგია, რაც მრავალ ქვეყანაში ახლა ინერგება. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, სკოლები თუ უნივერსიტეტები სამოთხეს რომ წარმოადგენენ როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც.

ქვემოთ ჩამოთვლილია ფაქტები, რომელთა წყალობითაც ფინური განათლების სისტემა ასეთი წარმატებულია მსოფლიოში:

• ფინელი ბავშვები განათლების მიღებას ოფიციალურად 7 წლის ასაკში იწყებენ. ეს საკმაოდ რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან ითვლება, რომ ბავშვმა 7 წლამდე პერიოდი მშობლებთან და სხვა ახლობელ

ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროს.

• მოსწავლეები გარკვეული ასაკის მიღწევამდე იშვიათად ან საერთოდ არ აბარებენ გამოცდებს. დოქტორი სალბერგის აზრით, სწავლის პირველი 6 წლის განმავლობაში აკადემიური წარმატება მთავარი არაა. "ჩვენ არ ვზომავთ ბავშვების შესაძლებლობებს. ეს პერიოდი სასწავლო განწყობის და სურვილებისა თუ მიზნების ჩამოყალიბებას ეთმობა". მხოლოდ ერთი სავალდებულო გამოცდა აქვთ, რომელსაც მოსწავლეები 16 წლის ასაკში წერენ. ეს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისთვისაა საჭირო.

• ყველა ბავშვი ერთ საკლასო ოთახში იღებს განათლებას იმის მიუხედავად, რომ ზოგს შესაძლოა სპეციალური საჭიროებებიც ჰქონდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსხვავება ყველაზე ძლიერ და სუსტ მოსწავლეს შორის მსოფლიოში ყველაზე დაბალია.

• ფინეთი ხარჯავს 30%-ით ნაკლებს თითოეულ მოსწავლეზე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები.

• მოსწავლეების 66% უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. ამავდროულად, მათი 93% განათლების მიღებას ამთავრებს, რაც აშშ-სთან შედარებით 17.5%-ით მეტია.

• მასწავლებლები მხოლოდ 4 საათს ატარებენ სასწავლო ოთახებში და პირადი განვითარებისთვის სახელმწიფო უფინანსებთ დამატებით 2 საათს კვირაში. ამავდროულად, ფინეთში იმდენივე მასწავლებელია, რამდენიც ნიუ-იორკში, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების რაოდენობა 2-ჯერ ჩამოუვარდება მეგაპოლისის მაჩვენებელს.

• რაც შეეხება ანაზღაურებას, მასწავლებლების საშუალო ხელფასი ფინეთში 2008 წლის მონაცემებით, 29 000 დოლარს შეადგენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი - 36,000 დოლარს.

• მასწავლებლები ისეთივე ავტორიტეტით სარგებლობენ, როგორც ექიმები ან იურისტები. სავალდებულო 5 წლიანი მაგისტრის დიპლომით განათლების სფეროში და სამშობლოსადმი გაღებული უდიდესი ღვაწლისთვის, ისინი ძალიან პატივსაცემ ადამიანებად ითვლებიან.

• ფინეთის სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობას სახელმწიფო აფინანსებს. მათ სამთავრობო ორგანიზაციების აგენტები მართავენ და არა ბიზნესმენები, სამხედრო თუ კარიერისტი ლიდერები.

• სტუდენტების საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ფინეთის მოსახლეობა მეხუთეა მსოფლიოში. ქულები, რომლებიც ამ ქვეყანამ აიღო, არის 531 მეცნიერებაში, 526 კითხვაში და 511 მათემატიკაში.

რამდენი თანამშრომელი ჰყავს ფინეთის განათლების სამინისტროს

ამას გარდა, ფინური განათლების სისტემის წარმატების მთავარი გასაღები თითოეულ სტუდენტზე მორგებული განათლებაა, რომელიც ყველა სტუდენტის ჩართულობასა და თანასწორობას უზრუნველყოფს. სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუდენტების მიმართვიანობა და მათზე რეაგირება ისე ხდება, რომ სხვა სტუდენტებმა ამის შესახებ არაფერი იციან და აღნიშნულით არც ფერხდებიან. მასწავლებელთან ერთად, თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობაში ჩართული არიან ფსიქოლოგები, სპეციალური განათლების პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია. ეს ყველაფერი კი მშობლების მონაწილეობითა და თანხმობით ხდება.

ასევე, ყოვლისმომცველი სკოლები - სწორედ ეს არის ფინური განათლების ის ნაწილი, რითაც ქვეყანა ნამდვილად ამაყობს. 2017 წლის აგვისტოში წარადგინეს ახალი ხედვა, რომელიც სასკოლო სისტემის კიდევ უფრო დახვეწას გულისხმობს. ის მოიცავს: მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ინოვაციებისა და ექსპერიმენტების მიმართულებით გააქტიურებას, მასწავლებლებისთვის მენტორების აყვანას, რომელიც მათ ციფრულ და ახალ პედაგოგიურ მიღწევებს შეასწავლიან. ხაზგასმულია ფიზიკური აქტივობის საკითხიც. მოსწავლეებმა ფიზიკურ ვარჯიშს დღეში 1 საათი მაინც უნდა დაუთმონ.

ახალი ხედვის რეალურად განხორციელებაში პარლამენტის წევრები, საგანმანათლებლო სფეროს ყველა რგოლის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და ფართო საზოგადოებაც ჩართულია.

_____________________________________

ასევე აღსანიშნავია რომ ფინეთში ბავშვები აქტიურად კითხულობენ ლიტერატურას, აქტიურად სწავლობენ ტექნოლოგიურ საკითხებს, ბავშვებს საშინაო დავალება თითქმის არასდროს არ აქვთ და თუ აქვთ მის შესასრულებლად მაქსიმუმ 10-15 წუთი სჭირდებათ.

ფინეთის საგანამანათლებლო სისტემაში ასევე დანერგილია საგანამანათლებლო ტიპის ვიდეო თამაშები როგორიცაა: Minecraft education edition და კიდევ სხვა.

წყარო: წიგნის ჭიები

Anni Kvaratskhelia
Khashuri · 4 months ago
2
Write a comment