ენმ ხულოში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შესაძლო წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობენ ''ნაციონალური მოძრაობის'' ხულოს რეგიონალურ ოფისში. ოპოზიციური პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ მმართველი გუნდი მაღალმთიანეთის ამომრჩევლებისთვის საწოლებს, ლეიბებსა და მატრასებს, ასევე შშმპ პირებისთვის ეტლებს არიგებს და ამ მეთოდით ხმების მობილიზებას ცდილობს. მერიაში, რომლის ადმინისტრაციულ შენობასთან დააფიქსირეს ამ ნივთებით აღჭურვილი საავტომობილო ტექნიკა, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი აცხადებენ, რომ დასახელებული ინვენტარი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა შეძენილი სამიზნე ჯგუფისთვის. ბრალდების ერთ-ერთი ადრესატია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, რომელიც გავრცელებულ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ აღნიშნული ინვენტარის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის კოორდინატებსაც ხულოს მერიის პრეს სამსახური ავრცელებს.