ბოლნისის მუნიციპალიტეტში განმეორებითი თერმოსკრინინგი ჩატარდა
Marneuli Daily
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, განმეორებითი თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ექიმების უმრავლესობა, პაციენტის კონტაქტების სახით, კარანტინის რეჟიმში ან თვითიზოლაციაში იმყოფება, ამიტომ, აუცილებელი გახდა თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეები ჩართულიყვნენ.
მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც შეუერთდა.
დავით შერაზადიშვილი მოხალისეებთან ერთად თერმოსკრინინგს ამ ეტაპზე სოფელ ცურტავში ახორციელებს. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დღეს ფარიზსა და ნახიდურშიც მოხდება.
განმეორებითი თერმოსკრინინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განხორციელდება და მასში მერი უშუალოდ ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ინფრაწითელი უკონტაქტო თერმომეტრებით მედიკოსებმა სულ 48 057 მოქალაქე შეამოწმეს.
„ამ ეტაპზე თერმოსკრინინგს შვიდი ჯგუფი ახორციელებს, ჯგუფების რაოდენობა ხვალიდან გაიზრდება და მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოვიცავთ. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ცურტავში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა არის თვითიზოლაციაში და კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეების ჩართვა მოგვიწია. გავიარეთ შესაბამისი ტრენინგი და მზად ვართ თერმოსკრინინგის პროცესი რეკომენდაციების დაცვით განვახორციელოთ. მეც ერთ-ერთ ჯგუფში ვარ ჩართული, დავდივართ კარდაკარ, ვამოწმებთ მოსახლეობას, ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები არ გამოგვივლენია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
#თერმოსკრინინგი
#მარნეული
#ბოლნისი
#კარანტინი
#marneulidaily