მარნეულის ბაზარი გაიხსნა. რა პრობლემებს აწყდებიან მოვაჭრეები ?

0
მარნეულის ცენტრალური ბაზარი გაიხსნა. სავაჭრო დაწესებულება მომხმარებლებს ახალ გარემოში იღებს. შიდა ტერიტორიაზე განახლდა დახლები, გადაიხურა ობიექტები და დამონტაჟდა ხელსაბანი ნიჟარები. ეგრედწოდებული "წინა ბაზრის" შესასვლელში დახლები ჯერჯერობით ცარიელია, მოვაჭრეები აქა-იქ თუ დგანან. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ახლა ერთი პრობლემის წინაშე დგანან, არ იციან გასაყიდად მოტანილი პროდუქტები სად შეინახონ. დახლზე დატოვება დაწესებული შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ. „რომ ვყიდით კარგია, მაგრამ საღამოს საქონელი სად უნდა დავტოვოთ? დღეში იმის ექვსი ლარი სად მაქვს, რომ გასაყიდი ნივთები ყოველდღე ტაქსით წავიღო და წამოვიღო სახლიდან. არ ვიცი რა იქნება“ - გვითხრა ელმირა ალიევამ, რომელიც მარნეულის წინა ბაზარში საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობს „ამ დახლს კარი რომ გაუკეთონ, არაფერი დაშავდება ამით. აბა ახლა, ტაქსიში თუ მივეცი მე სამი ლარი აქით, სამი ლარი იქით, რა გამოვიდა მაშინ? რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. აქ კარი რომ გააკეთონ, (დახლის ქვემოთ) ლამაზად და კოხტად გააღებ  და შეალაგებ პროდუქტს. აბა, ახლა ეს პროდუქტი მე სახლში წავათრიო? ვისაც მაღაზიები აქვს მესმის, მაგრამ ვინც დახლზეა დამოკიდებული, ცოდოა“ - თქვა კიდევ ერთმა მოვაჭრემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. არსებულ პრობლემას ბაზრის ადმინისტრაციაც აღიარებს. დირექტორი , საბა ნავერიანი ამბობს, რომ მოვაჭრეები პროდუქტებს ადგილზე ვეღარ დატოვებენ, დახლებს ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ახლა მოვაჭრეებს პროდუქტების შესანახად ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ. „ეს ძირითადად შეეხება სურსათს, რომელსაც დახლის ზევით ვერ დავტოვებთ და ვერც დახლს ქვევით.  უკვე შევთავაზეთ გარკვეული ფართები, რაღაცნაირად უნდა გავიჭირვოთ. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის“ 15 ივნისს განახლებული ბაზარი დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. წყარო: რადიო მარნეული
#მოვაჭრეები
#ბაზარი
#პრობლემები
#MarneuliDaily
#ბიზნესი
#ახალიამბები
0