ემა სტოუნი Disney-ის ახალ ფილმში კრუელას როლს შეასრულებს

0
“Cruella” ამერიკული კრიმინალური კომედიაა, რომელიც საკულტო პერსონაჟი Cruella De Vil-ის ისტორიას მოგვიყვება. აღნიშნულ პროექტზე საუბარი პირველად 2011 წელს დაიწყო და მალევე ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელი პროდიუსერი მსახიობი გლენ ქლოუსი იქნებოდა, რომელმაც 1996 წელს გამოსულ “101 Dalmatians-ში” თავად შეასრულა ამ პერსონაჟის როლი. 2016 წლის იანვარში ემა სტოუნი მთავარ როლზე დაამტკიცეს. აღნიშნულ როლზე ასევე განიხილებოდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან - ნიკოლ კიდმანი, შარლიზ ტერონი, ჯულიანა მური და დემი მური.
დღეს Disney-ის ოფიციალურმა გვერდმა “Cruella-ს” პირველი ტრეილერი გამოუშვა. როგორც ვიცით, სიუჟეტი 1970-იანი წლების ლონდონში განვითარდება და ყველასთვის ცნობილი ბოროტმოქმედის წარმოშობის ისტორიას მოგვიყვება. ვიხილავთ თუ როგორ გახდება ახალგაზრდა მოდის დიზაინერი ესტელა დე ვილი ძაღლების ტყავებით შებყრობილი, სანამ საბოლოოდ დაუნდობელი, საშიში და ლეგენდარული კრუელას სახელით არ გაიცნობს საზოგადოება.
“Cruella-ს” რეჟისორობა კრეიგ გილესპიმ გაუწია, მისი ერთ-ერთი გახმაურებული ნაშრომი ოსკარზე ნომინირებული ბიოგრაფიული ფილმი “I, Tonya” გახლავთ. სტოუნის საკულტო პერსონაჟთან ერთად როლებში ემა ტომპსონს, ჯოელ ფრაის, პოლ უოლტერ ჰაუზერს, ემილი ბიჩემს და მარკ სტრონგსაც ვიხილავთ. ფილმის გამოსვლის თარიღი 2021 წლის 28 მაისია. “Cruella-ს” ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=gmRKv7n2If8
0