როდის დასრულდება გელათში გადახურვის პროცესი?

0
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. მათი ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ განახრორციელებს. „სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები არსებულ კრამიტზე თუნუქის მყარი ფენილის დაყდნობის მეთოდით დაიფარება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით დროებითი გადახურვის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება. წინასწარი პროგნოზით, მთავარი ტაძრის მკლავებზე მოსაწყობი გადახურვების სამუშაოები მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე გასტანს. ამავდროულად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დასრულდა დროებითი ღონისძიებების ფარგლებში მყარი გადახურვების მოწყობის 2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, ეკვდერებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე პროექტით განსაზღვრული თუნუქის კონსტრუქციული ფენილების დაგებას ითვალისწინებდა. პარალელურად, ახლო მომავალში გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტები ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად შესყიდული გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის წინასწარ განსაზღვრულ არეალებზე ინსტალაციის პროცესს დაიწყებენ. ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგის სენსორების მეშვეობით, განისაზღვრება მაკროკლიმატის (ტაძრის გარეთ არსებული გარემოს) გავლენა მიკროკლიმატზე (ტაძრის შიდა სივრცეზე) და მათი შესაძლო გავლენა კედლის მხატვრობის მდომარეობაზე. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული. კრამიტის ჩანაცვლების პროცესამდე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრიტიკული არეალები სპეციალისტების მიერ ე.წ. შურფების გახსნის გზით სრულფასოვნად იქნება შესწავლილი, რითაც ინტერიერში წყლის ინფილტრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება“, -აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#გელათი
#გადახურვა
#რესტავრირება
#kutaisidaily
megatv.
0