2020 წლის დასამახსოვრებელი მომენტები პოდიუმიდან

0
შესაძლოა იფიქროთ, პანდემიის პარალელურად, ჩაშლილი მოდის კვირეულების და გადადებული ჩვენებების პირობებში, როგორ შეიძლება დავასახელოთ გამორჩეული მომენტები საერთაშორისო პოდიუმიდან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, წელსაც ვიხილეთ რამდენიმე საინტერესო შოუ, რომლებიც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა. თვალი გადავავლოთ 2020 წლის დასამახსოვრებელ მომენტებს საერთაშორისო მოდის კვირეულებიდან.

ჟან პოლ გოტიე პოდიუმიდან წავიდა

2020 წლის 22 იანვარს, ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, ჟან პოლ გოტიე პოდიუმს დაემშვიდობა. გოტიეს ღირსეულად გასაცილებლად პარიზის Théâtre du Châtelet – ში 500-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა, მაგრამ ეს არ ყოფილა ცრემლიანი და სევდიანი განშორება, რადგან ფრანგი იმ დიზაინერებს რიგებს არასდროს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც არ იციან როგორ მიიღონ სიამოვნება ყველაზე გამორჩეული მომენტებისგან. მოდაში ჟან პოლ გოტიეს 50 წელი იყო ზეიმი, ხშირად საკამათო, თუმცა არასდროს მოსაწყენი. ის სადღესასწაულო განწყობის, იუმორის, ხალისის, გართობის მეფეა. სწორედ ასეთი დაგვამახსოვრდება ჟან პოლ გოტიეს ბოლო ჩვენებაც, რომლითაც მოდაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი დაიხურა.

ვეტმანის პირველი ჩვენება დემნა გვასალიას გარეშე

იანვარში, მოდის დედაქალაქმა, პარიზმა Vetements-ის შოუს უმასპინძლა. ეს იყო პირველი ჩვენება დემნა გვასალიას ბრენდიდან წასვლის შემდეგ. ბრენდის თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ Vetements-იდან წასვლის გადაწყვეტილება 2019 წლის სექტემბერში გააჟღერა. მას შემდეგ, ბრენდი იმართება დიზაინერების ანონიმური გუნდის მიერ. დემნას გარეშე, ვეტმანის პირველი კოლექცია საკმაოდ კომერციული და პრაქტიკული აღმოჩნდა. პრესის და ფეშენისტების ყურადღება მიიქციეს ვარსკვლავების მოდელმა ორეულებმა.

ნორთ უესტის დებიუტი პარიზის მოდის კვირეულზე

2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, მილანიდან პარიზში ჩასულ სტუმრებს საზეიმო განწყობა არ ეტყობოდათ, რადგან მარტის დასაწყისში, კორონავირუსის პირველი ტალღის მომსწრე გავხდით, თუმცა კვირეულზე რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი მაინც შეიქმნა. კანიე უესტი პარიზში Yeezy -ს მერვე შოუთი დაბრუნდა. პრეზენტაციაზე მეტწილად თეთრი და კრემისფერი ტანსაცმელი იყო წარმოდგენილი. საღამოს ვარსკვლავი კი, კანიეს 6 წლის ქალიშვილი გახდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს, პარიზის მოდის კვირეულზე, ნორთ უესტის რეპ-დებიუტის მომსწრე გავხდით.

რაფ სიმონსის დებიუტი პრადაში

მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი რამდენიმე ათწლეულია მოდის მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ. თებერვალში მათი უპრეცედენტო გაერთიანების შესახებ გაჟღერდა: “რაფ სიმონსი პრადას შემოქმედებითი თანადირექტორია, ის მიუჩია პრადასთან ერთად შექმნის ბრენდის კოლექციებს!” სწორედ ამ მომენტიდან ვიცოდით, რომ რაფის და მიუჩიას პირველი საერთო კოლექციის წარდგენა წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იქნებოდა.

პლუს ზომის მოდელები ვერსაჩეს ჩვენებაზე

გასულ ათწლეულში მოდელების მრავალფეროვნების საკითხი არა მხოლოდ შეიჭრა მაღალი მოდის წრეებში, არამედ მთავარი განხილვის საგანიც გახდა. 2020 გაგვახსენდება როგორც წელი, როდესაც ვერსაჩეს მოდის სახლის შოუზე, რომელიც ყოველთვის ასოცირდება მსოფლიოში ყველაზე აღიარებული სუპერმოდელების მთავარ პოდიუმად, 3 + ზომის მოდელი ვიხილეთ.

მოსკინოს თოჯინების შოუ

მოსკინოს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის თოჯინების შოუ, მილანის მოდის კვირეულზე, ერთ-ერთი დადებითად შეფასებული პრეზენტაცია აღმოჩნდა, რომელიც როგორც საზოგადოების უმრავლესობას, აგრეთვე რედაქტორებს და მყიდველებს, გამორჩეულად დაამახსოვრდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია ყოველდღიურობის ანარეკლია და ეს მოდის ერთ-ერთი ღირსებაა, როდესაც რეალობა ასეთი სტრესულია, გვჭირდება დიზაინერი, რომელიც ყველაფერს იუმორით და ნაკლები სერიოზულობით უყურებს. ჯერემი სკოტი სწორედ ის დიზაინერია, რომელმაც შექმნილ მძიმე რეალობაში, ყველაზე მარტივი, კრეატიული და გასართობი ალტერნატივა შემოგვთავაზა.
0