ფლოიდის საქმე №2 - პატრიკ ქეროლი
Tbilisi Daily
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე 1 კვირით ადრე პოლიციელმა აკრძალული მეთოდი სხვა ფერადკანიანი მამაკაცის, პატრიკ ქეროლის დაკავებისას გამოიყენა. ვიდეო 90 წამიანია და ის ერთ-ერთმა გამვლელმა 18 მაისს გადაიღო.
ვიდეო ინტერნეტში მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო. ფლოიდი სწორედ პოლიციელის მიერ მუხლის კისერზე დაჭერას ემსხვერპლა.
პატრიკი, რომელსაც პოლიცია ოჯახური ძალადობის ბრალდებით აკავებს ყვირის – რატომ მაკავებთ? ამის შემდეგ კი პოლიციის ოფიცერი მას კისერზე მუხლს აჭერს.
„როგორც კი ყვირილი დავიწყე და პოლიციას დაკავების მიზეზს ვეკითხებოდი, მან კისერზე მუხლი დამაჭირა“, – უთხრა CNN-ს პატრიკმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ნაჩვენებია როგორ აჭერს დაკავებისას კისერზე მუხლს სარასოტას პოლიციის ოფიცერი ფერადკანიანს, ფლორიდის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.
სარასოტას პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, მათ პოლიციელის მიერ ამ აკრძალული მეთოდის გამოყენების შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ შეიტყეს, რაც სოციალურ ქსელში დეპარტამენტი აღნიშნულ ვიდეოზე მონიშნეს.
მოძიების შემდეგ სარასოტას პოლიციის დეპარტამენტმა პატრიკის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ქრონომეტრაჟი 13 წუთია და ის პოლიციის ვერტმფრენიდან არის გადაღებული.
დეპარტამენტის განცხადებით, მათ გამოძიება უკვე დაიწყეს და პოლიციის ოფიცერი დროებით განთავისუფლებულია სამსახურიდან.
პატრიკი 18 მაისი ინციდენტის შემდეგ დაზიანებებზე საუბრობდა. თუმცა, მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ მიუღია. პოლიციის განცხადებით, პატრიკი მათ დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა.
თუმცა, პატრიკმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგობას კი არ უწევდა, ცდილობდა რამენაირად ემოძრავა, რათა სხეულში სისხლის მიმოქცევა როგორმე აღედგინა.
აშშ პოლიცია აკრძალულიილეთი ჯორჯფლოიდი
TbilisiDaily