მილიონერი ბარონის სახლი ბათუმში

0
ძველი შენობების ხიბლი მხოლოდ არქიტექტურული კულტურის ტრადიციების შესწავლა როდია. თანაბრად მნიშვნელოვანია ისტორიები, რომელსაც ეს სახლები გვიყვებიან. თუ გაგვიმართლა და ისინი მათ კედლებში გამოჩენილი პიროვნებების ცნობებსაც იტევენ, მაშინ კიდევ უფრო მეტი ამბის გაგებას შევძლებთ იმ დროზე, როცა კონკრეტული ნაგებობა მედიდურად გადმოჰყურებდა ქუჩებს. ვიტყოდი, რომ რუსთაველზე მდგარ, მრავალ ქარტეხილებგამოვლილ სახლს, არც დღეს აკლია მედიდურობა. დღეს ჩვენ ამ შენობას ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლად ვიცნობთ და იგი ძალიან ახლობელია თითოეული ბათუმელისთვის. ბევრისთვის ნაცნობი, ბევრისთვის კი უცნობი ისტორიით, ეს სახლი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობა-ნაგებობაა მთელს ქალაქში.
წიგნში “ფრანგი ავტორების ცნობები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” ვკითხულობთ ჟიულ ნაპოლეონ ნეის მოგზაურობის ჩანაწერებს, სადაც იგი იმდროინდელი ბათუმის შესახებაც გვაწვდის ცნობებს.

“ბათუმიდან გასვლისას შესანიშნავი ხედი იყო. ქალაქის მიდამოებს მეტად ცოცხალ იერს სძენდა ნავთობის გადამამუშავებელი მნიშვნელოვანი საწარმოები, როტშილდის სახლის ყუთების დიდი ფაბრიკა და თეთრად შეღებილი მრავალი ცისტერნა, უამრავი წითელი აგურის ყაზარმა და ვრცელი მოედანი მანევრირებისათვის.”

- წერია ცნობებში. სწორედ აქ აღნიშნული როტშილდის სახლია დღეს რუსთაველზე მდგარი შენობა. როგორც წიგნიდან ვიგებთ, 1883 წელს გაიხსნა ბათუმი-ბაქოს სარკინიგზო ხაზი და ნავთობსადენი (1897-1907), რამაც ქალაქის ზრდა გამოიწვია, ამ პერიოდში ბათუმში მოღვაწეობდნენ სამრეწველო მაგნატები – შვედი ძმები ალფრედ, რობერტ და ლიუდვიგ ნობელები და ბარონი ალფონს დე როტშილდი. სახლი, სადაც ნობელებს ოფისი ჰქონდათ, ახლა ნობელი მუზეუმია, ხოლო როტშილდის სახლში, რომლის ასაშენებლად ბარონმა აგური საფრანგეთიდან ჩამოატანინა და მუშებიც იქიდან ჩამოიყვანა, ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლია განთავსებული.
"კასპია-შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაცია" - ასე ეწოდებოდა ალფონს როტშილდის კომპანიას, რომელსაც თავდაპირველად ნავთის ბიდონების ქარხანა ჰქონდა ბათუმში. იქიდან გამომდინარე, რომ როტშილდი ბათუმში საქმიანობდა, მე-19 საუკუნეში სახლიც აიშენა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. თუმცა ისტორია ამით არ სრულდება. სანამ სახლი დღევანდელ ფუნქციას შეითავსებდა, აქ 1921 წლის 17 მარტს შექმნილი ბათუმის რევოლუციური კომიტეტიც მოღვაწეობდა.
#ბათუმი #ისტორია #ძველიშენობა #საინტერესოცნობები #Batumidaily
0