სომხეთის პრემიერ-მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში განცდილ მარცხზე

0
ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა უარყო მოწინააღმდეგეებისა და ქუჩაში გამოსული მომიტინგეების მოთხოვნა მისი გადადგომის თაობაზე. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, რუსეთის შუამავლობით გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა რეგიონის გარშემო არსებული 7 რაიონი, რის შემდეგაც სომხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვა. ქვეყნის აწ უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვა დაკავებული თანამდებობა, ხოლო პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას. ა.წ. 18 ნოემბერს გაკეთებულ მორიგ განცხადებაში, ფაშინიანმა კვლავ გაიმეორა, რომ სწორედ იგია პასუხისმგებელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში განცდილ მარცხში, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ახლა უკვე სომხეთის რესპუბლიკის სტაბილიზაციისა და მისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, მან თანამდებობაზე დარჩენის თაობაზე განაცხადა და ის 15 ერთეული სამოქმედო პუნქტი ჩამოთვალა, რომელთა მიღწევასაც გეგმავს. ფაშინიანის თქმით, მას სურს ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფორმატით ფორმალური მოლაპარაკებების განახლება და პრიორიტეტს ანიჭებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დაბრუნების თემას. ზემოხსენებული ითვალისწინებს ადგილობრივების მხარდაჭერას დანგრეული საცხოვრებელი სახლებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში. ასევე კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას და დაშავებულთა მკურნალობა/რეაბილიტაციის ხარჯების გაღებას. მისი თქმით, მას სურს მთიანი ყარაბაღის რეგიონის სამართლებრივი სტატუსის მოგვარება, სამხედრო რეფორმის განხორციელება, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, ასევე კორონავირუსული და ეკონომიკური კრიზისების დაძლევა. ფაშინიანის განცხადებით, 2021 წლის ივნისში იგი დეტალურ სამოქმედო ე.წ. საგზაო რუქას წარუდგენს საზოგადოებას, სადაც დიდი დოზით იქნება გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრი. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
##Armenia
##Pashinyan
##prime
##Minister
##Nagorno
##Karabakh
##conflict
##defeat
##interworld
0