ხაბაროვსკში გამართულ საპროტესტო აქციაში საჰაერო-სადესანტო ჯარების ვეტერანებიც მონაწილეობდნენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ხაბაროვსკში 2 აგვისტოს კვლავ შეიკრიბნენ ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგი ფურგალის, გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანებული ქალაქის მცხოვრებლები.
მშვიდობიან აქციაში, რომელიც ხაბაროვსკში უწყვტად იმართება ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრების დღიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით დემონსტრანტებს შეუერდნენ რუსეთის ელიტური, საჰაერო-სადესანტო ჯარების, ვეტერანები.
რუსეთში 2 აგვისტოს ამ სახეობის ჯარების დღე აღინიშნება.
ხაბაროვსკელმა ვეტერენაბმა აქციის დროს თხოვნით მიმართეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სპეცრაზმების ვეტერენებს, რომ მხარი დაუჭირონ ხაბაროვსკის მცხოვრებთა მოთხოვნებს.
საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში 9 ივლისიდან დაიწყო და ბოლოს სხვა ქალაქებსაც მოედო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში ჩაიყვანეს.
ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.
16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დროებით დანიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი, სერგეი ფურგალის თანაპარტიელი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.
პოლიციამ 1 აგვისტოს დააკავა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ხაბაროვსკის მცხოვრებთა სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების დაახლოებით 70 მონაწილე.
შაბათს, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების გარდა, მცირერიცხოვანი აქციები გაიმართა ასევე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30762576.html
#ახალი_ამბები
#twitter