მარნეულის მუნიციპალიტეტში შემოწმებული ხუთი სკოლიდან სამს გამოსასწორებელი ვადა მიეცა

Marneuli Daily

მარნეულის მუნიციპალიტეტში შემოწმებული ხუთი სკოლიდან სამს გამოსასწორებელი ვადა მიეცა. ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა გვითხრა. “შევამოწმეთ ქალაქ მარნეულში არსებული კერძო სკოლა „მომავალი“ ასევე, შემოწმდა ქალაქ მარნეულის N1, მარადისის, საიმერლოსა და ხულდარას საჯარო სკოლები" მირანგულა ლიპარელიანმა არ დაასახელა სკოლები, რომლებსაც გაკრკვეული შენიშვნები მისცეს, თუმცა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს იმ დრომდე ვერ განაახლებენ, ვიდრე ყველა რეკომენდაცია არ იქნება დაკმაყოფილებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლების შემოწმებას მარნეულში რამდენიმე დღეა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სხვადასხვა უწყებებიც ახორციელებნ. მათ შორისაა განათლების სამინისტრო და შრომის ინსპექცია. სკოლების შემოწმება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სწავლება საგანმანათებლო დაწესებულებებში თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ 15 სექტემბერს განახლდება. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. მათ შორისაა: 1. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; 2. შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; 3. შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; 4. პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; 5. სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; 6. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; 7. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; 8. ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; 9. ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; 10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა. წყარო : რადიო მარნეული