დნეპრში იზრდება სახლის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი, გამოცხადებულია გლოვა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში შაბათიდან კვირის ღამეს გრძელდებოდა სამაშველო სამუშაო იმ ცხრასართულიანი სახლის ადგილას, რომელიც სრულად განადგურდა შაბათს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. იზრდება მსხვერპლთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო.  დაჭრილია ათობით ადამიანი, 40-ზე მეტი პირი საავადმყოფოშია მოთავსებული. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 40-მდე ადამიანი, 30-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.  დნეპრზე დარტყმა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო შეტევის დროს, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ათეულობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა შორეული მოქმედების, Х-22-ის ტიპის რაკეტით, რომელიც გამოიყენება საავიაციო დარტყმებთან ბრძოლაში ზღვაზე.  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის Х-22 რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, ის დნეპრში სახლს დაეცა და აფეთქდა. არესტოვიჩის სიტყვების ციტირება დაუყოვნებლივ დაიწყო რუსეთის მედიასაშუალებებით და ტელეგრამის არხებით, თან დართული კომენტარებით უკრაინის ბრალის შესახებ ადამიანთა სიკვდილში. უკრაინის საჰაერო ძალების უწყებამ ეს განცხადება უარყო - საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეჩშუკის თქმით, ეჭვი არ არსებობს იმაზე, რომ ქალაქზე სწორედ Х-22 ტიპის რაკეტა გაუშვეს, რუსეთის კურსკის ოლქის საჰაერო სივრციდან. ოლეშჩუკის თქმით, "უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს საბრძოლო აღჭურვილობა, რომელსაც შეუძლია მოცემული ტიპის რაკეტების ჩამოგდება. რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე ამ ტიპის 210-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. არც ერთი მათგანი არ ყოფილა ჩამოგდებული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით". არესტოვიჩის სიტყვები ბევრმა გააკრიტიკა უკრაინაში - მათ შორის დნეპრის მერმა, ბორის ფილატოვმა. თავად არესტოვიჩი აცხადებს, რომ მაშინაც კი, თუკი რაკეტა თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, არაფერი იცვლება და ადამიანთა დაღუპვაზე პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია 14 იანვარს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე. ახალ 2023 წელს ეს იყო პირველი მასშტაბური შეტევა - და ასევე პირველი ასეთი შეტევა მას მერე, რაც უკრაინაში ოპერაციის მეთაურად ვალერი გერასიმოვი დაინიშნა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32224206.html

Source: radiotavisupleba.ge