გართობის, ქეიფის სურვილს ნუ გადავაყოლებთ ამდენი ადამიანის წვალებასა და არსებულ სტაბილურ მდგომარეობას

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142030 გართობისა თუ ქეიფის სურვილს ნუ გადავაყოლებთ ამდენი ადამიანის წვალებასა და არსებულ სტაბილურ მდგომარეობას-აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, სამოქალაქო დანაშაულია ის შემთხვევები, როცა მოქალაქეთა ნაწილი კარანტინის წესებს არღვევს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. „დღევანდელი განცხადებით მინდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურო. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად, მსოფლიოში, ყველა კარგად ვხედავთ, თუ რამდენად რთული, მძიმე მდგომარეობაა. ჩემო მეგობრებო, გუშინ რიგი შეზღუდვები გაგრძელდა, რაც გასათვალისწინებელია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არის. ჩვენმა შეთანხმებულმა მოქმედებამ და ერთსულოვნებამ განაპირობა ის, რომ არ მოხდა ვირუსის უკონტროლო აფეთქება და ეს თითოეული ექიმის, სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულების, კარანტინის თითოეული წესის შემსრულებელი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების დამსახურებაა. ძალიან კარგად მესმის, რამდენად დიდი ფსიქოლოგიური დისკომფორტია ეს ყველაფერი, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამას პირველ რიგში, საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის ვიტანთ. საკუთარი ოჯახი წევრების უსაფრთხოებისთვის,მშობლებისთვის, ბებიებისთვის, ბაბუებისთვის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სასწორზე ერთ მხარეს არის ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე მხარეს ის მოთმინება, რომელზეც საუბარი გვიწევს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. აქვე მინდა აღვნიშნო ამ მძიმე კვირის მანძილზე გამოვლენილი ის უპასუხისმგებლო ქმედებები, მეტიც, სამოქალაქო დანაშაულის შემთხვევები, როცა მოქალაქეთა ზოგიერთი ჯგუფი არა მარტო კარანტინის წესებს არღვევდა, არამედ საფრთხეს უქმნიდა საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, ხელს უშლიდა სამართალდამცველების მუშაობას. ეზოებსა თუ ახლობლების ბინაში შეკრებები და თავყრილობები დაუშვებელია. ჩვენ, ყველა კანონმორჩილი მოქალაქიდან დაწყებული, მედიკოსებით დამთავრებული ამდენს იმიტომ ვწვალობთ და ვშრომობთ, რომ მთელი მსოფლიოსთვის ვირუსთან გამკლავების მდგომარეობა ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შენარჩუნებული იყოს. შესაბამისად, გართობისა თუ ქეიფის სურვილს ნუ გადავაყოლებთ ამდენი ადამიანის წვალებასა და არსებულ სტაბილურ მდგომარეობას“,-განაცხადა კალაძემ.