სუსი მოქალაქის სათავსოდან ჯავშანტექნიკის ნაწილების ამოღებაზე ავრცელებს ინფორმაციას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. დღევანდელ, 29 ივნისის განცხადებაში წერია, რომ ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები. "ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა", - წერია განცხადებაში, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული სხვა რაიმე დეტალი, მათ შორის: ჯავშანტექნიკის სათადარიგო რა ნაწილებია ამოღებული, დაკავებულია თუ არა ვინმე და ნაწილების რა მოცულობაზეა საუბარი. რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის თანამშრომლებისგან დამატებითი დეტალების მოძიებას.  გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა,  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. https://www.radiotavisupleba.ge/a/31921058.html

Source: radiotavisupleba.ge