ქუთაისში ოჯახებს საკვებ პროდუქტს ურიგებენ - ვის ეხება სოციალური აქცია?
Kutaisi Daily
ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები სურსათს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
"ქუთაისში რეგისტრირებულ 600-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახში რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ დღეიდან სასურსათო ამანათები დარიგდება. ქუთაისის მერია პანდემიასთან ბრძოლის პირობებში აგრძელებს სხვადასხვა სახის სოციალურ ღონისძიებებს.
ქუთაისის სპორტის სასახლეში, კერძო სექტორის მიერ შეგროვდა პირველადი მოხმარების სურსათ-სანოვაგე, რომელსაც მერიის მოხალისეთა გუნდის წევრები აფასოვებენ და ყოველდღიურად არიგებენ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში.
ამჯერად ამანათები დამზადდა მრავალშვილიანი დედებისთვის. ამანათების დამზადების პროცესსა და უშუალოდ დარიგებაში მონაწილეობენ ქუთაისის მერი, მერის მოადგილეები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს წევრები
„ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ის კატეგორია, რომელიც ამ მძიმე პერიოდში ხელისუფლების დახმარებას საჭიროებს. დღეს სასურსათო ამანათებს დავურიგებთ მრავალშვილიან ოჯახებს. მადლობა მინდა ვუთხრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც მოგვცეს ამ მრვალფეროვანი ნობათის მოსახლეობისთვის დარიგების საშუალება“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. კერძო სექტორის მიერ შეგროვებული სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა დედებს და მეორე მსოფილიო ომის ვეტერანებს.", - ნათქვამია განცხადებაში
#ქუთაისი
#ოჯახი
#ოჯახები
#kutaisidaily