მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების ერთობლივი განცხადება

Headline

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბულგარეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: „2020 წელს აღვნიშნავთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის იუბილეს. პატივს ვცემთ ყველა იმ ჯარისკაცს (და ზოგადად გაღებულ მსხვერპლს), რომელიც ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად იბრძოდა. იმის მიუხედავად, რომ ევროპაში ომი 1945 წლის მაისში დასრულდა (მსოფლიოში ფორმალურად 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით, რედ.), აღნიშნულს საბოლო თავისუფლება მაინც არ მოუტანია ევროპის კონტინენტისთვის. ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ტერიტორიები, კომუნისტური რეჟიმის მმართველობის ქვეშ თითქმის კიდევ 50 წლის მანძილზე დარჩა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოები (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) უკანონოდ იქნა ოკუპირებული და ანექსირებული. საბჭოთა კავშირმა, სამხედრო ძალის, რეპრესიებისა და იდეოლოგიური კონტროლის გამოყენებით მკაცრი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყნებში. მრავალი ათეული წლის მანძილზე, ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის უამრავმა წარმომადგენელმა შესწირა საკუთარი სიცოცხლე მილიონობით ადამიანისთვის წართმეული უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლას. ისინი „რკინის ფარდის მიღმა“ დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. 1956 წლის მოვლენები, ქარტია 77-ის შექმნა და საქმიანობა, მოძრაობა „სოლიდარობა“, „ბალტიის გზა“, „1989 წლის ხალხთა შემოდგომა“ და ბერლინის კედლის ნგრევა უმნიშვნელოვანესი მოვლენები აღმოჩნდა, რამაც ევროპის თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. დღეს ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ძლიერი და თავისუფალი ევროპა, სადაც წინა პლანზე წამოწეულია ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მომავალი ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ისტორიისა და სამართლიანობის ფაქტებს უნდა ემყარებოდეს. მზად ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აღნიშნული პრინციპების განხორციელება. იმ ისტორიული მოვლენებით მანიპულირებამ, რამაც მეორე მსოფლიო ომი და ამ ომით გამოწვეული ევროპის კონტინენტის დაყოფა გამოიწვია, წარმოადგენს ისტორიის გაყალბების სამწუხარო მცდელობას. გვსურს მსოფლიო საზოგადოების ყველა წევრს შევახსენოთ, რომ უსაფრთხოება, სტაბილურობა და მსვიდობა საერთაშორისო სამართლის უწყვეტ დაცვას მოითხოვს. მათ შორის იგულისხმება ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლაინობის დაცვა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #world #war #ww2 #Europe #countries #statement #may8 #headline