მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებები - ყველაზე ხანგრძლივი ევროპული კონფლიქტი

Interworld

ა.წ. 27 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის რეგიონის ფრონტის ხაზზე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. 1994 წლის შემდეგ პირველად, ცეცხლის ქვეშ მოექცა ე.წ. დედაქალაქი სტეფანაკერტი/ხანკენდი. შეტაკებების ინიცირებაში მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს და იმავე დღეს ოფიციალურმა ბაქომ (ნაწილობრივ) და ერევანმა (სრულად) საკუთარ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ განაცხადეს. დამატებით, სომხეთის ხელისუფლებამ, 55 წლამდე ასაკის პირების საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანის მთავრობამ კომენდანტის საათი დააწესა. უკანასკნელად ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტი საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, (მთიანი ყარაბაღის გარეთ) თავუშის/თოვუზის რეგიონში ა.წ. ივლისში გამწვავდა. მხარეთა პოზიცია მიმდინარე შეტაკებების თაობაზე პირველადი ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონში მდებარე სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში დასდო ბრალი აზერბაიჯანს. აქვე, თავდაცვის უწყებამ „პროპორციული რეაგირების“ პირობა დადო. დამატებით, ერევანში აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ძირითად სამიზნედ სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა იქცა. აზერბაიჯანული პოზიციით, მათი ქმედება იყო „სრულმასშტაბიანი კონტრშეტევითი ოპერაცია მთელი ფრონტის გასწვრივ“, სომხების მხრიდან, თერთარის, ჯაბრაილისა და ფიზულის მიმართულებით განხორციელებულ დაბომბვების საპასუხოდ. შეტაკებების შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა მიღებული მსხვერპლის თაობაზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს შორის. სომხეთის მთავრობამ საზოგადოების რიგით წევრებსა და ადგილობრივ მედიას მოუწოდა დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალური ერევნის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას და უარი თქვან გარე წყაროების ან აზერბაიჯანული „დეზინფორმაციის“ გამოყენებაზე. ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას მისი სახელმწიფოს „ისტორიული ამოცანა“ უწოდა და განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო საკითხის „სანახევროდ გადაწყვეტას“ არ დათანხმდება. აქვე მან დაამატა, რომ მოცემულ ეტაპზე საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან შეიარაღებული ძალები დაკისრებულ მოვალეობებს სრულად უმკლავდებიან. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკო ფაშინიანის განცხადებით, მისმა მთავრობამ შესაძლოა მთიანი ყარაბაღის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესაძლებლობა განიხილოს. აქვე მისი თქმით, არსებულ კონფლიქტში თურქეთის ჩარევა დაუშვებელია. თურქეთი აზერბაიჯანის ახლო მოკავშირე თურქეთი სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ოფიციალურ ბაქოს სომხეთის წინააღმდეგ და აცხადებს, რომ ერევანი რეგიონალური სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხეა. თურქეთის ხელისუფლების პოზიციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია, მაგრამ სომხური მხარე დღემდე ინტერესს არ იჩენს აღნიშნული მიმართულებით. რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით არსებული ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარე რუსეთმა, რომელიც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია და ამ სახელმწიფოში 102-ე რუსული სამხედრო ბაზით არის წარმოდგენილი, დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ინტენსიური მოლაპარაკებებიც გამართა. ირანი მთიანი ყარაბაღის რეგიონში წამოწყებულ შეტაკებებთან დაკავშირებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თეირანი მზადაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, მხარეთა შორის მოლაპარაკებების ხელშესაწყობად. დაქირავებული მებრძოლების სავარაუდო ჩართვა ლონდონში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაცია Syrian Observatory for Human Rights-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სირიელი დაქირავებულების ჯგუფი ჩავიდა. საპასუხოდ, აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით თურქული გამოცემა Yeni Safak ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთი ერაყიდან და სირიიდან მთიანი ყარაბაღის რეგიონში ქურთი მებრძოლების გადაყვანას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციებზე ფაქტობრივი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს. ევროპის ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული დავა სულ მცირე 1918 წლიდან, რუსეთის იმპერიისგან სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იღებს სათავეს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული. 1920-იან წლებში, სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების შესვლის შემდეგ, ძირითადად ეთნიკურად სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს (სსრკ-ის ჩარევით), იმდროინდელი აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში ავტონომიური ერთეული სტატუსი მიენიჭა. 1980-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი გახდა, ნათელი იყო, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშ უნდა შესულიყო, რაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომხებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სსრკ-ის დაშლამდე 3 წლით ადრე, 1988 წლის თებერვალში, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაპირისპირების ე.წ. ცხელი ფაზა დაიწყო და საბრძოლო მოქმედებები 1994 წელს დადებული, საკმაოდ მყიფე ზავით დასრულდა. საერთო ჯამში, 1988-1994 წლებში მიმდინარე ომის დროს, სომხურმა არმიამ ამ რეგიონზე კონტროლი დაამყარა და მის გარეთ კიდევ 7 აზერბაიჯანული რაიონის ოკუპაცია მოახდინა. მთიანი ყარაბაღის რეგიონმა ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა არცერთმა სახელმწიფომ ის არ ცნო. მოცემულ ეტაპზე სომხეთის რესპუბლიკა ასევე არ ცნობს მთიანი ყარაბაღის რეგიონის „დამოუკიდებლობას“, მაგრამ ეს არაღიარებული სუბიექტი, მისი „ბიუჯეტითა და შეიარაღებული ძალებით“ მჭიდროდ არის დაკავშირებული ოფიციალურ ერევანზე. 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ასობით ათასი დევნილად იქცა. აქვე, ჯერ კიდევ გადაუჭრელი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, 1992 წელს ეუთოს „მინსკის ჯგუფი“ ჩამოყალიბდა, რომელსაც დღემდე 3 თანათავმჯდომარე - აშშ, რუსეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობს და სწორედ ეს პლატფორმა წარმოადგენს მხარეთა შორის (მედიატორების შუამავლობით არსებულ) ერთადერთ „სასაუბრო სივრცეს“. დაუსრულებელი კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, რადგან პირველ რიგში (სხვა მრავალ სეგმენტთან ერთად) საფრთხე ექმნება რეგიონში არსებულ ენერგოპროექტებს, რაც ბუნებრივია საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს ზრდის. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Azerbaijan #Armenia #Nagorno #Karabakh #conflict #Georgia #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com