როგორია აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების ცხოვრება პანდემიის შემდეგ
Sokhumi Daily
აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეთნიკურად ქართველი ხვალინდელი დღის იმედად ცხოვრობს. წარმოსადგენადაც ვერ წარმოიდგენს უმრავლესობა თუ როგორ ვითარებაში ვცხოვრობთ. მინდა მოგიყვეთ პანდემიის შემდგომ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღე.
როცა თბილისში სიტუაცია დამძიმდა გადავწყვიტე აფხაზეთში - ჩემს სახლში წამოსვლა. როცა წამოვედი, იმის გამო, რომ გზა ჩაკეტილი იყო მომიწია 3 თვე ბებიასთან და ბაბუასთან ზუგდიდში გაჩერება. იმედი არ დამიკარგავს და სულ მჯეროდა, რომ მალე საზღვარს გახსნიდნენ და სახლში წავიდოდი. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გახსნეს 2 დღით საზღვარი, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, უკვე მოთმინებაც აღარ მქონხა, სახლში მინდოდა ყოფნა. მივედი ენგურის საზღვრამდე . მაჩერებენ ქართველები და მიმოწმებენ საბუთს, მე მქონდა "ფორმა 9" და მითხრეს, რომ საზღვარზე ამით არ გამიშვებდნენ და უკან გამობრუნება მომიწევდა, გამობრუნებისას კი ქართული მხარე 14 დღიან კარანტინში წამიყვანდა. საზღვარზე გასაშვებად კი უნდა მქონოდა ე.წ "ვიდნა ჟიტელსტვა". მაინც ვთხოვ ქართველებს, რომ აფხაზ მესაზღვრეებამდე გამიშვან, რომ იქნებ მოვახერხო და გადავლახო საზღვარი, მაგრამ თან კარანტინი მაფერხებს, კარანტინი კი არ მაწყობდა და დავრჩი. გადვწყვიტე სხვა გზა მეპოვნა, გულჩათხრობილი და თვალებაცრემლებული დავბრუნდი.
გადავწყვიტე არალეგალური გზით წამოსვლა. ამის გადაწყვეტა რთული აღმოჩნდა, თუმცა თუ სურვილია შეუძლებელი არაფერი ყოფილა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ვიცოდი როგორი რთული გზის გავლა მომიწევდა, ვიცოდი რომ შესაძლოა რუსებსაც დავეჭირე, თუმცა არაფერს დამიშავებდნენ, გალში წამიყვანდნენ და 2250რ. ჯარიმას გამომიწერდნენ. ყველაფერი გავაანალიზე და გადავწყვიტე წამოსვლა. სიზმრადაც კი არ დამესიზმრებოდა ისეთი გზა გამოვიარე,ეკლებიანი, ტალახიანი და მავთუხლართებიანი, ამის გადმოცემაც კი ძნელია. ჩემს დაკაწრულ და გაჭრილ ხელ-ფეხზე არაფერს ვიძახი, ასეთ გზაზე სხვანაირად წარმოუდგენელია გამოსვლა. შიში, რომელიც მქონდა ეგეც გამიარა, იმ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა და უფრო ძლიერი გავხდი. მოკლედ ეს ჯოჯოხეთი გზა ისე გამოვედი, რომ რუსებისგან დაჭერას გადავურჩი.
ახლა არც მეტი და არც ნაკლები მინდა აქ არსებულ სიტუაციაზე მოგიყვეთ.
აქ ხალხი იზოლაციის იზოლაციაში ცხოვრობს. აქ ადამიანები საზღვრის გახსნას ელოდებიან რიცხვიდან რიცხვამდე. ჯერ აპრილს ელოდებოდნენ, მერე მაისს, მერე ივნისს, მერე პირველ ივლისს, ახლა კიდე პირველ აგვისტოს ველოდებით და ასე გადის ცხოვრება აქ, ენგურ გამოღმა, აფხაზეთში. ასე ცხოვრობს 50 ათასამდე ქართველი აქ. ყველაზე გასაოცარი და გასაკვირი აქ არის, აქ მცხოვრები ქართველების ამტანობა, გამტანობა, შრომისმოყვარეობა და შესაძლებლობები, მაგრამ ეს ჩაკეტილობა უკვე მათ ამტანობასაც არყევს.
მალე ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება თუ უკვე არ არის და თუ მალე საზღვარი არ გაიხსნა.
აქ ყველაფერი ორმაგად ძვირია, თუმცა სხვა გზა არ რჩებათ მაცხოვრებლებს და იძულებული არიან შეეგუონ რეალობას. 6 თვეზე მეტია დამხარების და პენსიის ფულს ვერ იღებენ, როდესაც მათი ძირითადი შემოსავალი ის არის. აქ აფხაზეთის პენსია კი 500 რუბლია, ამ 500 რუბლით ელემენტარულ რაღაცას ვერ იყიდი და როგორ გინდა იარსებო ადამიანმა?
თუ მაგალითად ზუგდიდში გინდა წასვლა და გადაწყვიტე ჯოჯოხეთური გზის გავლა, ან წყლით გადასვლა, გადარჩი და გაექეცი რუსებს, შემდეგ იმაზე უნდა იფიქრო და იდარდო, რომ ენგურს გაღმა 14 დღიან კარანტინში არ მოხვდე და გიწევს მაგათთანაც თავის დაღწევა თუ ეს მოახერხე. აქ ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ.
წელსაც აბიტურიენტებმა გადასვლა ვერ მოახერეს და როგორც შარშან წელსაც უგამოცდოდ ჩაირიცხნენ. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არის დიდი მხარდაჭერა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არათანაბარ პირობებში არიან. დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ აბიტურიენტებთან შედარებით მათ წართმეული აქვთ ფუნდამეტური უფლება, უფლება მშობლიურ ენაზე სწავლების და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ ნებდებიან, ძალიან ნიჭიერი და მიზანმიმართული თაობა იზრდება აფხაზეთში. მე მჯერა, რომ თანაბარ პირობებში, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის პირობებში, ისინი ტოლს არავის დაუდებენ და ყველას გაუწევენ ღირსეულ კონკურენციას.
მოსაყოლი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, მაგრამ ეს ის მცირედია რაც მინდა იცოდეთ. მინდა იცოდეთ, რომ ყველაზე ძლიერი, შრომისმოყვარე, უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანები არიან აქ, რომლებიც ამ ყველაფერს ასე მაგრად უძლებენ. ყველა ეთნიკურად ქართველი, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში ჩემთვის არიან გმირები და მუდამ იქნებიან.
აქ იზოლაციის იზოლაციაში მცხოვრები ხალხი საზღვრის გახსნის იმედს არ კარგავენ და ელოდებიან თვიდან თვემდე და რიცხვიდან რიცხვამდე. დღეები დღეებს მისდევს და ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტილია.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#პოლიტიკა
#sokhumidaily