აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული ენერგორესურსები - რეგიონული ძალების ძირითადი გადაკვეთის წერტილი

Interworld

კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატამ (პარლამენტი) პარასკევს, 17 ივლისს ე.წ. EastMed-ის (Eastern Mediterranean) მილსადენის მშენებლობის პროექტის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნული პროექტი კვიპროსისა და ისრაელის მახლობლად არსებული ჭაბურღილებიდან ბუნებრივი აირის გატანა ევროპის კონტინენტის მიმართულებით ითვალისწინებს. რატიფიცირებას 47-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მილსადენის მშენებლობის შესახებ შეთანხმება საბერძნეთს, ისრაელსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის 2 იანვარს გაფორმდა. თურქეთი ზემოხსენებული მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ნახშირწყალბადების მოპოვებითი ნებისმიერი სახის საქმიანობა კვიპროსელი თურქების (ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის) უფლებებს არღვევს. გაზსადენთან დაკავშირებული ხელშეკრულება საზღვაო იურისდიქციის დარეგულირებასაც ითვალისწინებს, რაც სხვა მოცემულ პუნქტებთან ერთად, ოფიციალური ანკარას მწვავე უკმაყოფილების იწვევს და აცხადებს, რომ საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე საძიებო-საბურღი სამუშაოები თურქეთის კონტინენტურ შელფსაც მოიცავს, რაც თავის მხრივ, მათ სამოქმედო არეალს არღვევს და ზღუდავს. 2019 წლის ნოემბერში, თურქეთსა და გაეროს მიერ აღიარებულ ლიბიის „ეროვნულ თანხმობის მთავრობას“ (GNA) შორის ე.წ. საზღვაო საზღვრების თაობაზე შეთანხმება დაიდო, რომელსაც საბერძნეთის, კვიპროსისა და ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დამატებით აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის სავარაუდო აგრესიის საპასუხოდ, საბერძნეთის ხელისუფლება საფრანგეთთან თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოთაკისსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ძირითადი აქცენტი ოფიციალური ათენის მხრიდან, $3 მლრდ-ის ღირებულების 2 ერთეული თანამედროვე ტიპის ფრეგატის შეძენაზე გაკეთდა. საბერძნეთსა და თურქეთს შორის ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიულ წყლებში დავა არსებობს. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, თურქული ხომალდების მხრიდან, კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში ენერგორესურსების საძიებო-საბურღ სამუშაოებს უკავშირდება, რომელსაც ბერძნულ მხარე არალეგალურ საქმიანობად აფასებს. მეზობელ თურქეთთან ურთიერთობების შესაძლო გამწვავების საპასუხოდ, საბერძნეთი მისი საზღვაო და საჰაერო ძალების გაძლიერებას უზრუნველყოფს და შესაბამისი შეიარაღების შესყიდვა-მოდერნიზებას ახორციელებს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Eastern #Mediterranean #Greece #Cyprus #Turkey #Israel #pipeline #feedcgrant #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა