დონ ბეიკონი კონგრესმენების ანგარიშზე - ჩემს კოლეგებს და ვეტყვი, რომ ეს პასაჟი უნდა შევასწოროთ

0
რესპუბლიკელი კონგრესმენი ნებრასკის შტატიდან, დონ ბეიკონი „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მის მიერ ხელმოწერილ და 10 ივნისს, თორმეტ ამერიკელ კანონმდებელთან ერთად გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ საუბრობს. ანგარიში რესპუბლიკური პარტიის წევრების დამოკიდებულებას ასახავს აშშ-ის ეროვნული ინტერესების შიდა და გარე საფრთხეებთან დაკავშირებით, სადაც ცალკე თავი ეთმობა საქართველოს. ამ თავის მცირე პასაჟში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პუტინის ახლო მოკავშირეზე, რომელიც თითქოს დაკავებულია საქართველოს დესტაბილიზაციით. დონ ბეიკონი აცხადებს, რომ ის არ ფლობს ექსპერტულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის შესახებ და ეს პასაჟი ანგარიშში კონგრესის თანამშრომლებისა და ექსპერტების მიერაა შეტანილი. კონგრესმენი ამბობს, რომ ის მზად არის შეცდომის დამტკიცების შემთხვევაში მიუბრუნდეს საკუთარ კოლეგებს კონგრესში და შეცდომა გამოასწოროს. მან დაადასტურა, რომ ანგარიშის შემუშავებისას ინფორმაციის შეგროვება ყველა წყაროდან ხდება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ის კეთილგანწობილია, რომ თანასპონსორი გახდეს საქართველოს მხარდამჭერი აქტისა კონგრესში, რადგან მას კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები სურს საქართველოსთან. „თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ საქართველოს ვხედავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოკავშირეს და მთელი გულით მინდა, საქართველოსთან ურთიერთობები გაიზარდოს. საქართველო მძიმე ვითარებაში, მძიმე სამეზობლოშია, რუსეთი გესაზღვრებათ ჩრდილოეთით, თუმცა თქვენ აფასებთ თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და ამიტომაა, რომ მინდა ჩვენს მეგობრებთან საქართველოში კიდევ გავზარდო ურთიერთობები. მე არ წარმოვადგენ ექსპერტს იმ ინდივიდის შესახებ, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან ინფორმაციის მოგროვებაში და თქვენს მიერ ხსენებულ პერსონაზე ინფორმაცია ჩვენ მათ წარმოგვიდგინეს. ჩვენს გვყავს ექსპერტი თანამშრომლები, რომლებიც სწავლობდნენ რუსეთს, ჩინეთს, ირანს. მე არ ვაცხადებ, რომ ვარ ექსპერტი ყველა იმ საკითხის, რომელიც ანგარიშში ხვდება, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული დონის მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენს მიერ ხსენებულ პერსონაზე ინფორმაცია ჩემი ექსპერტიზის გარეთაა და ეს საკითხი ანგარიშში ჩვენი ექსპერტების მიერაა შეტანილი და ჩვენს მიერ მიღებული, ამის გამო მე სრულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - აცხადებს დონ ბეიკონი. ბეიკონის თქმით, მისი თანამშრომლები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა წყაროდან, იქნება ეს მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. „ჩვენ თავისუფალი სამყარო ვართ, მედიისა და სიტყვის თავისუფლებით. თუ ჩვენ შეცდომა დავუშვით, მე მივესალმები ყველას, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ თქვენს მიერ ხსენებული პასაჟი არასწორად მოხვდა ანგარიშში. მე მზად ვარ უკუკავშირისთვის და მე ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ არ წარმოვადგენ ექსპერტს ამ პერსონის შესახებ. თუკი შეცდომა დავუშვით, ყველა საშუალების გამოყენებით ხმას ავიმაღლებ და მივუბრუნდები ჩემს კოლეგებს და ვეტყვი, რომ ეს პასაჟი უნდა შევასწოროთ. თუკი იქნება მოცემულ პასაჟში გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომ ჩვენ გამიზნულად ვიყავით შეცდომაში შეყვანილები, მაშინ მე მზად ვიქნები, რომ შეცდომა გამოვასწორო. მე მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხედო ფაქტებს და შეცდომის არსებობის შემთხვევაში ვაღიარო ის“, - აღნიშნა კონგრესმენმა. მისი განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკოსებმა რუსეთის, პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ უფრო მკაცრი და მკვეთრი პოლიტიკა უნდა აწარმოონ. „მჯერა, რომ ჩვენ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ რუსეთის, პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების იდეის მიმართ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინს არ აქვს ჩვენი ინტერესები, ის ძირს უთხრის ჩვენს ღირებულებებსა და მოკავშირეობას. დიახ, მე კეთილგანწყობილი ვარ შევუერთდე კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ აქტს, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა წავიკითხო, თუმცა საკმაო ინფორმაცია მაქვს ამ აქტის შესახებ. მე მინდა კიდევ უფრო მეტად ახლო ურთიერთობები საქართველოსთან. მართალი ხართ, ჩვენს პოლიტიკაში უამრავი ინტერესი არსებობს, ჩვენ გვყავს ლობისტები, რომლებიც იბრძვიან გარკვეული პოლიტიკური ინტერესების დასაცავად ან საწინააღმდეგოდ. არსებობენ ლობისტები, რომლებიც უფრო ახლოს არიან საქართველოს ინტერესებთან, თუმცა ჩემი ინტერესია, რომ დავიცვა თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ახლო მოკავშირეობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს“, - აცხადებს დონ ბეიკონი.
0