ფილმი ფესვები

0
ფილმი თავად ხელოვნებაა, რომლის ასახვაც ფირზე ხდება, თავისი შინაარსით კი ფილმი შეიძლება უამრავ თემას ეხებოდეს: პოლიტიკას, კულტურას, ადამიანთა ყოფას, სპორტს, ისტორიულ მოვლენას თუ სხვას. ფილმის წყალობით შეიძლება გამოხატო აზრი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ფილმით აზრის გამოხატვა შეიძლებოდა მაშინაც, როცა აზრის გამოხატვა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასადაც დაჯდომოდა რეჟისორს. სამწუხარო ისაა, რომ ფილმებმა ისე როგორც ბევრმა სხვა სახელოვნებო გამოხატვის საშუალებამ დაკარგა ბევრი ფუნდამენტალური თვისება, იგი გახდა ლიბერალური დოქტრინის მსხვერპლი, რომელმაც რეჟისორებს შეუზღუდა სახელოვნებო თავისუფლება. დროთა ცვლამ მოიტანა რეჟისორების ხედვის ცვლილება ფილმების მიმართ, როგორც მსოფლიო კინოხელოვნებაში, ისე მის ნაწილ საქართველოს კინოხელოვნებაში, ზოგადად კი რთულია შეაქო ბოლო სამ ათწლეულში გადაღებული ქართული ფილმები, რომელთა დიდი ნაწილი არა ფილმი არამედ დანაშაულია მაყურებლის წინაშე, ოცდაათი წელია იქმნება უხარისხო პროდუქცია რომელიც ამცდარია ყველაფერ სულიერს და საწინააღმდეგოა იმის რაც ფილმში უნდა გვიზიდავდეს (გამონაკლისების გარდა), საბედნიეროდ არსებობს ძველად გადაღებული ქართული ფილმები, რომლებმაც ჩაუყარა საფუძველი ამ დარგს საქართველოში, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეულია ფილმი "ფესვები"
ამ შედევრის რეჟისორი გუგული მგელაძე გახლავთ, რომელმაც ფილმში რეალური ისტორია ასახა, მთავარ როლებში კი გამორჩეული მსახიობები მონაწილეობდნენ, მათ შორის: დოდო აბაშიძე, რომელიც ამ კინოს ხილვამდე გარდაიცვალა და ლევან აბაშიძე, ეს უკანასკნელი კი სოხუმის მისადგომებთან სოფელ ზემო ეშერასთან დაიღუპა სამშობლოსთვის ბრძოლისას. ფილმი მეტად ნოსტალგიურია და ასახავს იმ სიძნელეს და სამშობლოს მონატრებას, რომელსაც მისგან შორს, ემიგრაციაში ყოფნა იწვევს. ფილმის მთავარი გმირი გიორგი (დ. აბაშიძე) ფინანსების შოვნის მიზნით მიემგზავრება ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში, თუმცა ამ პერიოდს ემთხვევა პირველი მსოფლიო ომი და საზღვრების ჩაკეტვა, შედეგად გიორგი (ზაქარეიშვილი) საფრანგეთში რჩება და ცოლად ირთავს ფრანგ გოგონას, სახელად მადლენს, თუმცა დროის გასვლის მიუხედავად იგი არ კარგავს იმედს, რომ საქართველოს დაუბრუნდება, ფილმის გმირს ფრანგი მეუღლისგან ორი ბიჭი ეყოლა, ერთ-ერთი შვილი ტარიელი პარტიზანულ-დივერსიული ბრძოლებისას ეღუპება. რეჟისორი ქართველის ხასიათს საინტერესოდ გვიხატავს, როცა ევროპელი გიორგის ფულს სთავაზობს და ამცირებს, რათა ზურგზე შესმული წაეყვანა, გიორგიმ კი ასე უპასუხა: შეგეშალათ ბატონო მე მენაგვე არ ვარ!
ფილმის ერთ მონაკვეთში იგი ნაცნობ ქართველს ხვდება, რომელიც საფრანგეთში გაეცნო და მევიოლინე გახლდათ, საუბარი კი წარიმართა ყოფაზე, რომელიც უსამშობლოოდ მძიმე იყო, მევიოლინემ წუხილი გამოთქვა ქართული ენის მივიწყებაზე,
სწორედ ამან უბიძგა მთავარ გმირს, ესწავლებინა ენა და ყველაფერი საქართველოზე თავისი შვილიშვილისთვის, მთავარი გმირი სიცოცხლის მიწურულს კი შვილიშვილს ეუბნება: „გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის — საქართველოში“.
შემდგომი სიუჟეტი კი შვილიშვილის მგზავრობას მოიცავს, გზას საფრანგეთიდან საქართველომდე, შვილიშვილს თან მოაქვს ბაბუის ფერფლი, ბაბუის რომელიც სამოცი წელი ელოდა საქართველოში დაბრუნებას. ფილმის დასასრული კი მეტად დრამატული ხდება, როცა შვილიშვილს ეგონა, რომ მისი ბაბუა აღარავის ემახსოვრებოდა, არადა ხედავს თავსხმა წვიმაში მთელი სოფელი შეკრებილიყო და მას ელოდა.
რეჟისორი ფილმით გვეუბნება იმას რაც ისედაც ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველისთვის პირველი მისი ქვეყანა და ყველაფერი ისაა რაც მის მშობლიურ მხარეს წარმოადგენს, არ შეიძლება გერქვას ქართველი, როცა ივიწყებ ენას, ისტორიას, კულტურას, რწმენას და სხვას ბევრს რითიც ჩვენი ეროვნება განისაზღვრება. რეჟისორის გრძნობები გამოიხატება მის მიერვე არჩეულ მუსიკაში, რომელიც ასე შესანიშნავად ერწყმის ფილმს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალექსანდრე რაქვიაშვილის დაწერილი მუსიკის პირველად მოსმენისას თურმე რეჟისორს უტირია.
0