შატილის გზაზე მომუშავე მძღოლის თქმით, ავარიის გამომწვევი მთავარი მიზეზი მუხრუჭების გადახურება გახდა

Tbilisi Daily

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს, ერთ-ერთი მძღოლი, რამაზ სეფისკევრაძე გამოეხმაურა. როგორც სეფისკვერაძემ აღნიშნა, მას უშუალო კონტაქტი ჰქონდა საბედისწერო მიკროავტობუსის მძღოლთან და მისი თქმით, ავარია მუხრუჭების გადახურებით იყო გამოწვეული. „ვფიქრობ მუხრუჭებმა გაუცხელა, მანდ არ შეიძლება მესამე სიჩქარით სიარული. ავარიამდე რამდენიმე მეტრით ადრე თაფლზე რომ გაჩერდნენ, ეგ შექმნიდა პრობლემას, რომ არ გაეჩერებინა, შეიძლება არც მომხდარიყო“, - განაცხადა სეფისკვერაძემ. „იმ დღეს მეც შატილში ვიყავი. იქ შევხვდით, ასე მითხრა - აქ პირველად ვარ, გზა კარგად არ ვიციო. მე ვუთხარი გამომყოლოდა უკან - როგორც მე ვივლი ისე ივლი პრობლემა არ გექნებათქო. ნორმალურად მოდიოდა, მანქანას პრობლემა არ ჰქონია, იმხელა დათვისჯვარი გადმოიარა და მერე რა პრობლემა უნდა ჰქონოდა. ვფიქრობ მუხრუჭებმა გაუცხელა, მანდ არ შეიძლება მესამე სიჩქარით სიარული. ავარიამდე რამდენიმე მეტრით ადრე თაფლზე რომ გაჩერდნენ, ეგ შექმნიდა პრობლემას, რომ არ გაეჩერებინა, შეიძლება არც მომხდარიყო. თაფლზე რომ გაჩერდნენ მივუყენე მანქანა და ვკითხე, მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არაო. გამოცდილი მძღოლიაო, ამბობენ, ეგ ისეთი სისტემაა, ჯერ აქვს მუხრუჭი და რომ აჩერებ მერე - აღარ. 16 ადგილი ეწერა, თორემ 19 ადგილი იყო, მძღოლიანად 20. შიგნით რამდენი იჯდებოდა, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი პრობლემა მუხრუჭები იყო. მე კომპანიის ბრალეულობას ვერ ვხედავ, ეს იყო მძღოლის დაუდევრობა. მაგ კომპანიის ბიჭები ისეთები არიან, ტურში რომ გვიშვებენ, 100-ჯერ გვირეკავენ, როგორ დავდივართ“, - განაცხადა რამაზ სეფისკვერაძემ.