ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის სპეციალური მისიის შექმნას აპირებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროკავშირის აპირებს შექმნას სპეციალური მისია, რომელიც ბლოკის შიგნით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხების კოორდინაციაზე იმუშავებს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის კონცეპტუალური დოკუმენტის პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლება თავისი წყაროების საშუალებით გაეცნო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი "მისიის სწრაფად ამოქმედება უზრუნველყოფს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომლითაც ევროკავშირი შეძლებს წევრი სახელმწიფოების საშუალებით და კოლექტიურად ისეთი დახმარების მიღებას, რომელიც დადებითად აისახება ომის შედეგზე".
ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ ორგანიზაციის უარი "დახმარებოდა უკრაინას რუსეთის აგრესიისაგან საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული დაცვის საქმეში, საფრთხეს შეუქმნიდა საკუთრივ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას", - ნათქვამია სპეციალური მისიის შექმნის შესახებ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.
ევროკავშირის სამხედრო მისია, დოკუმენტის თანახმად, სულ მცირე 2 წლის ვადით იმოქმედებს, თუმცა ტექსტში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირი იმდენ ხანს დაეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად, რამდენიც საჭირო გახდება".
აღსანიშნავია, რომ ეს ბრიუსელის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მისიის შექმნის პირველი შემთხვევა იქნება, თუმცა მანამდე, 2014 წლიდან, ევროკავშირმა აამოქმედა სხვა მისია, რომლის საქმიანობაც მიმართული იყო უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორში რეფორმების განხორციელებისკენ.
სამხედრო მისიის შიგნით დამუშავდება საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მოიცავს შეიარაღების ინსტრუქტორების, ტექნიკური მომსახურებისა და აღჭურვილობის რემონტისთვის სპეციალისტების მომზადებას და დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ქიმიური, რადიაციული და (CBRN) ბირთვული თავდაცვა.
ევროკავშირის სამხედრო მისიის შექმნის საკითხი პირველად განიხილეს ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების აგვისტოს პრაღის შეხვედრაზე, რომელზეც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, მინისტერიალის მონაწილეებს უკრაინის არმიისათვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა.
დოკუმენტის პროექტში არ არის საუბარი მისიის პირადი შემადგენლობის რაოდენობასა და დაფინანსების მოცულობაზე, მაგრამ ტექსტში აღნიშნულია, რომ მისიას შეუძლია დაახლოებით 9 ბრიგადის ინდივიდუალური და კოლექტიური მომზადება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32046316.html
Source: radiotavisupleba.ge