მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლიციამ მოსკვში დააკავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი. ის გადაიყვანეს „ლუჟნიკის“ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ადვოკატი არ შეუშვეს. ილია იაშინი საჯაროდ და მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას და ომს უკრაინაში. ინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ, პირველმა წუხელ გაავრცელა ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა. მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ილია იაშინთან ერთად სეირნობდა პარკში, სადაც პოლიციელები მივიდნენ და იაშინი წაიყვანეს, უცნობია სად. ილია იაშინის ადვოკატის, ვადიმ პროხოროვის ინფორმაციით, მოწმობის და ორდერის მიუხედავად, ის დაკავებულთან არ შეუშვეს. ჟურნალისტ ირინა ბაბლოიანის ცნობით, ილია იაშინს სავარაუდოდ, ბრალს სდებენ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, რაც 15 დღით პატიმრობას ითვალისწინებს. ბოლო ხანს იაშინს რამდენჯერმე შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის" და დააჯარიმეს.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31919091.html

Source: radiotavisupleba.ge