"ყოფილ კოლეგებს მიმართოს, მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა" - პაპუაშვილი აშშ-ის ელჩს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს იმაზე, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია ყოფილი თანაგუნდელების, ე.წ. ოთხეულის განცხადებებს. პაპუაშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და ელჩი "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებთან გადაამისამართა.
"ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ, ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად, ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა, მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი", - ამბობს პაპუაშვილი.
15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, „ხალხის ძალის" განცხადებებს.
ამასთან, დეგნანი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
„უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ", - განაცხადა კელი დეგნანმა („იმედის" თარგმანი).
ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.
ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32041086.html
Source: radiotavisupleba.ge