ეკატერინე ტიკარაძე: ყველაზე კრიტიკული სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა
Tbilisi Daily
ყველაზე საყურადღებოდ კვლავ ადამიანური რესურსი რჩება, რომელიც განსაზღვრული რაოდენობით გვყავს და ყველაზე კრიტიკული სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც, ამ ეტაპისთვის, გვეხმარება პაციენტების მართვაში. ეს არიან ჩვენი სტუდენტები, რომელთა გადამზადებაშიც ჯანდაცვის სამინიტროს განათლების სამინისტრო დაეხმარა, რისთვისაც, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ სტუდენტებს, რომელთაც მოხალისეობისთვის მზაობა გამოხატეს და უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩაერთნენ. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი იმ ორი ონლაინკლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.