ოპოზიციას აქვს ფუფუნება, იყოს არათანმიმდევრული, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია-მეზვრიშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142765
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს ფუფუნება, იყოს არათანმიმდევრული, ხოლო მთავრობას მოქალაქეების სიცოცხლის დაცვისა და ეკონომიკის გადარჩენის პასუხისმგებლობა აკისრია.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის სხვადასხვა საკითხზე აპელირება გაცილებით მარტივია.
„ბოლო დღეებში ოპოზიცია სხვადასხვა საკითხზე აპელირებს; ჯერ მოითხოვეს ეკონომიკის სრულად გახსნა და 8 თუ 10 მაისიდან შეზღუდვების სრულად მოხსნა; შემდეგ, საუბარი იყო იმაზე, რომ მასობრივი ტესტირება იყო პანაცეა, თითქოს ჩვენ, მოსახლეობის უმრავლესობამ მოვიხადეთ ეს ვირუსი და შეზღუდვების არსებობა აზრს მოკლებულია და ამიტომ უნდა მოგვეხსნა ერთიანად. გასაგებია ასეთი დამოკიდებულება, მათ აქვთ ფუფუნება, იყვნენ არათანმიმდევრულები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ეყრდნობა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზს და განპირობებულია მოქალაქეებზე ზრუნვით.
„ჩვენ ამ საკითხს გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანად ვეკიდებით, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ პროფესიონალების რეკომენდაციები. ეს არ არის ჩვენს მოსაზრებებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებები, ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრულები და თითოეული გადაწყვეტილება მივიღოთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაყრდნობით. ეს ყველაფერი განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვით და ოპოზიციისთვის გაცილებით მარტივია სხვადასხვა საკითხზე აპელირება. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ შემოაქვთ გარკვეული საკითხი სადისკუსიოდ, თუნდაც უარგუმენტო დისკუსიისთვის, რასაც ჩვენ სერიოზულად ალბათ ვერ მოვეკიდებით, რადგან ჩვენს წინაშე გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობებია“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.