დამსაქმებლები ხელფასების  შემცირებას არ გამორიცხავენ

Tbilisi Daily

დამსაქმებელთა ასოციაცია 2020 წლის ბოლომდე საშუალო თვიური ხელფასების კიდევ უფრო კლებას ვარაუდობს. მიზეზი ის ეკონომიკური არასტაბილურობაა, რომელიც პანდემიის პირობებში დღეს ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში არსებობს. ასოციაციის აღმოსარულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე მიიჩნევს, რომ შემცირებული სამუშაო ადგილები, შემცირებული მოთხოვნა პროდუქტსა და სერვისზე, რაც საბოლოო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობასა და მათ ანაზღაურებაზე აისახება. "მდგომარეობას ართულებს ის, რომ ყველა დანახარჯების შემცირებას ცდილობს. ბევრი ბიზნესი იმაზე ფიქრობს, რომ შექმნას მაქსიმალურად მეტი რეზერვი რაღაცის ხარჯზე. ეს რაღაც კი ხშირ შემთხვევაში სწორედ პროდუქციის ხარისხი, ფასები, ან თანამშრომელთა რიცხვი და ანაზღაურებაა. ვფიქრობთ, კლების ტენდენცია 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება“,- ამბობს ლაბაძე. ცნობისთვის, ქვეყანაში 2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა. 2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა. კაცის ხელფასი ქალისას 31%-ით აღემატება.