სასტუმროებმა ფასები გაანახევრეს?
Tbilisi Daily
დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა სასტუმროში ფასები თითქმის განახევრებულია, - ამბობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
მისი ინფორმაციით, სასტუმროები 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნას შემცირებული ფასებით შეხვდნენ და რიგ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის ფასი 50 ლარამდეა.
„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მასშტაბით ფასები თითქმის ყველგან განახევრებულია. ერთადერთი ადგილი, სადაც ფასები გაძვირებულია, არის აბასთუმანი. ასეთი იაფი ბათუმში დასვენება, როგორც ახლაა, არასდროს ყოფილა. თანდათანობით იხსნებიან რეგიონული სასტუმროები, თუმცა წელს ძირითადი მოთხოვნა ბინებსა და კოტეჯებზე იქნება. ადამიანები უფრო დაცულად გრძნობენ აქ თავს, როცა სხვებთან შეხება არ აქვთ და ასევე, რეგულაციებისგან ნაკლებად წუხდებიან,”- აღნიშნა ალავერდაშვილმა.
„არავინ თქვას, რომ წელს ვიღაც თანხას მოიგებს. ეს იქნება უბრალოდ გადარჩენის წელი. ბიზნესი უნდა გადარჩეს. პირდაპირ ვიძახი, ვინც წელს კარს გახსნის და შეინარჩუნებს სასტუმროს, ის ამ სიტუაციაში გმირია და შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესი გადაარჩინა,”-განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა